პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'13 / 16:15

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 114 ხმით დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოცვალოს მთავრობა.

ცვლილებებმა, რომელიც ქართული ოცნების მიერ დეკემბერში ინიცირების შემდეგ ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ თემას წარმოადგენდა, გასულ კვირაში პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის მსგავსად, ბოლო ეტაპზეც დეპუტატების ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.

„მე მინდა ეს მოვლენა პირველ რიგში მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, ხალხს და მის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება საქართველოს ხალხის ნების ექსკლუზიური აღმასრულებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შემდეგ და დასძინა, რომ მართალია ამ პროცესმა „ვნებათაღელვა გამოიწვია“, მაგრამ მთავარია, რომ მოხერხდა „ხალხისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება", რაც "წაადგება ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“. 

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს რჩება უფლება გადააყენოს მთავრობა, თუმცა მან გადაყენებულ ან გადამდგარ მთავრობას  უნდა დააკისროს მოვალეობის შესრულება მანამ, სანამ პარლამენტი ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს. ამასთან, პრეზიდენტს პარლამენტის არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარული წლის 1 მაისიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პერიოდში პარლამენტის დათხოვნა არ შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.

დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორც კი პრეზიდენტი ამ პროცედურას განახორციელებს, პარლამენტი მზად იქნება მას შესთავაზოს დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგეს - ეს პროცედურა საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის პოზიციის გაურკვევლობის მოტივით გადადო.

კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანი იყო იმ áƒžáƒáƒ¢áƒ”ნციური „კრიზისის“ გაუვნებელყოფა, რაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი მთავრობის დათხოვნას შესაძლოა მოჰყოლოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი áƒœáƒáƒªáƒ˜áƒáƒœáƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ მოძრაობის განცხადებით, პრეზიდენტი მთავრობის ერთპიროვნულად გამოცვლის შესახებ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას არ აპირებდა.

Civil.Ge © 2001-2024