საერთაშორისო რეაქცია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'13 / 15:45

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ერთხმად დამტკიცება, რომელიც „საერთაშორის საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად“  პრეზიდენტს მთავრობის ცალმხრივად, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნის უფლებას ართმევს, საქართველოში დემოკრატიის „კონსოლიდაციას უკვალავს გზას“. 

„ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ხელმძღვანელობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორპარტიულად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნაბიჯი გზას უკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას და საშუალებას აძლევს მთავრობას, áƒ™áƒ•áƒšáƒáƒ• áƒ›áƒ˜áƒáƒžáƒ§áƒ áƒáƒ¡ ყურადღება ბევრ იმ საკითხს, რომელიც მის წინაშე დგას“, – განაცხადა  სახელმწიფო დეპარტამენტმა 25 მარტს.

„იმედისმომცემია პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ შეთანხმებას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, შეინარჩუნონ კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული ტონი საჯარო დისკუსიებისას, რათა ხელი შეუწყონ უფრო მეტ პროგრესს საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო, ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დაწერა თავის Twitter-ზე: „მივესალმები თანდათანობით გადასვლას პრაგმატიზმზე საქართველოში: საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პარლამენტის კენჭისყრა კარგი სიახლეა“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა 26 მარტს განცხადება გაავრცელეს, სადაც მიესალმნენ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას.

„ამ ცვლილებამ მოხსნა გაუგებრობის და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, მივესალმებით ამას და განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ მისი დამტკიცება ფართო ორპარტიული მხარდაჭერით მოხდა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. „ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობისა და კომპრომისისთვის ანალოგიური მზადყოფნა პარლამენტის დღის წესრიგის სხვა ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილევის დროსაც გამოვლინდება, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. კომპრომისისა და თანამშრომლობისთვის ასეთ მზადყოფნას შეუძლია კარგი საფუძველი შექმნას ნაყოფიერი კოჰაბიტაციისთვის“.

PACE–ს თანამომხსენებლები საქართველოს 7–12 აპრილს ეწვევიან, რათა ქვეყანაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები და მიმდინარე რეფორმები განიხილონ. 

Civil.Ge © 2001-2024