სააკაშვილმა პარლამენტს ხუთი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'13 / 19:26

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ შერჩეული ხუთი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 26 მარტს.

ხათუნა სალუქვაძე, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ლიტვაში ელჩად დასახელდა.

ირაკლი კოპლატაძე, ირლანდიაში საქმეთა რწმუნებული, რომელიც ანკარის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასახელდა. იგი ამ ადგილზე ზურაბ პატარაძეს შეცვლის, რომელიც ყაზახეთში ელჩადაა წარდგენილი.

საქართველოს ყოფილი ელჩი ლატვიაში კონსტანტინე კორკელია ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზეა წარდგენილი.

თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოს ელჩია აზერბაიჯანში, იგივე თანამდებობაზეა წარდგენილი.

იმავდროულად, მთავრობამ პარლამენტს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტს ახალი ელჩების დანიშვნაზე ხელმოსაწერად ორკვირიანი ვადა დაუწესდეს მას შემდეგ, რაც ელჩების კანდიდატურებს პარლამენტი დაამტკიცებს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 20 თებერვალს ცხრა ახალი ელჩის კანდიდატურები დაამტკიცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ ახალი ელჩების დანიშვნის პროცესს აჭიანურებდა. პრეზიდენტმა დანიშვნაზე ხელი თითქმის ერთი თვის შემდეგ მოაწერა. 

Civil.Ge © 2001-2024