საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'13 / 18:03

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოცვალოს მთავრობა, ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას ხელი მოაწერა.

საკონსტიტუციო ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 27 მარტს გამოქვეყნდა.

ცვლილება, რომლის ინიცირებაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დეკემბერში მოახდინა, პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად 21 მარტს მიიღო, ხოლო საბოლოო, მესამე მოსმენით 25 მარტს დაამტკიცა.

შემოთავაზებული ცვლილება თითქმის სამ თვეზე მეტხანს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი საკითხი იყო. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ მხარი დაეჭირათ ცვლილებისთვის, რაც ქართული ოცნება სარეიტინგო კენჭისყრის გამართვაზე დათანხმდა, როგორც ამას 21 მარტს საპარლამენტო უმცირესობა ითხოვდა.

საკონსტიტუციო ცვლილების ერთხმად დამტკიცებას დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა, რომლის დროსაც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „აღნიშნული ნაბიჯი გზას უკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას და საშუალებას აძლევს მთავრობას, კვლავ მიაპყროს ყურადღება ბევრ იმ საკითხს, რომელიც მის წინაშე დგას“.

26 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადეს, რომ ორი პარტიის მიერ მიღწეული კონსენსუსი ამ საკითხზე იმაზე მეტყველებს, რომ „ყველა მხარე ქართულ პოლიტიკაში კარგი მმათველობის ერთგული რჩება ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.

„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საქმეში, აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ქართულ პოლიტიკაში ყველა პარტიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს "საქართველოში ყველა დაინტერესებულ მხარეს განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 25 მარტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება საშუალებას აძლევს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდეს.

Civil.Ge © 2001-2024