აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Mar.'13 / 13:17


მარცხნიდან მარჯვნივ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ბათუმში 28 მარტს გამართული შეხვედრის დროს. ფოტო: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 28 მარტს ბათუმში შეიკრიბნენ და სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

სამმხრივი შეხვედრის დროს, რომელიც მეორედ გაიმართა მას შემდეგ, რაც პირველი ასეთი შეხვედრა ცხრა თვის წინ ტრაბზონში შედგა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2013–2015 წლების დარგობრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება და სპორტი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს „ახლო და მეგობრული ურთიერთობები“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება.

„ეს არის იმ ნაყოფიერი თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც ჩვენ შესაძლოა რეგიონში გვქონდეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.

„ეს შესაძლოა გზავნილიც იყოს ჩვენი მეზობლებისთვის სომხეთში, რომ მათთვის უკეთესი იქნება, თუ ის შემოუერთდებიან ამ კლუბს ნაცვლად იმისა, რომ დატოვონ ის“, – განაცხადა მამედიაროვმა და დასძინა, რომ კონფლიქტების მოგვარება რეგიონში კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

„ეს არის თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ.

მისი თქმით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ბევრს მიაღწიეს“ ბათუმში გამართული შეხვედრის დროს, მათ შორის დარგობრივი თანამშრომლობის „ყოვლისმომცველ“ სამოქმედო გეგმას.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება არა მხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ ის რეგიონის სხვა წარმომადგენლების თანამშრომლობის პლატფორმა გახდება, რადგანაც „ამ პლატფორმის მიზანია კეთილდღეობის და ჰარმონიის ზონის შექმნა“, რომელიც ურთიერთპატივისცემას და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას დაეფუძნება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს სამმა მინისტრმა სხცადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, ანკარა კვლავაც განაგრძობს „საქართველოს და აზერბაიჯანის ევრო–ატანტიკური მისწრაფებების“ მხარდაჭერას.

სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას აღნიშნავს და აცხადებს, რომ ეს რეგიონალური სარკინიზგო კავშირი, რომელიც აზერბაიჯანს და თურქეთს საქართველოს გავლით დააკავშირებს, რეგიონს „საერთაშორისო მნიშვნელობის ახალ მასშტაბს“ მიანიჭებს, რის შედეგადაც ის „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მთავარი კომპონენტი“ გახდება.

ერთობლივ კომუნიკეში ასევე ნათქვამია, რომ სამმა მინისტრმა ხაზი გაუსვა „სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულების საჭიროებას“, რათა ეს სარკინიგზო ხაზი ამუშავდეს, როგორც „მთავარი მარშრუტი, უმოკლესი და ყველაზე ეფექტური მარშრუტი“, რომელიც გამოყენებული იქნება სატრანზიტო მარშრუტად, როდესაც 2014 წლის ბოლოდან მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარების და ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

მინისტრები შეთანხმდნენ მესამე სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამართონ. იმავდროულად, მაისში ქაბალაში (აზერბაიჯანი) აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის მესამე ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

ბათუმში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკებები თბილისში

თავისი ვიზიტის პირველ დღეს 27 მარტს აჰმედ დავუთოღლუ თბილისში თავის ქართველ კოლეგას, ასევე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო მაჰმადიანი მესხების საქართველოში რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხი – ეს ის მაჰმადიანი მესხები ან მათი შთამომავლები არიან, რომლებიც იოსებ სტალინმა 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლა. ეს საკითხი თებერვალში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის დროსაც იქნა განხილყლი. მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. საქართველომ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონი 2007 წელს მიიღო.

თბილისში 27 მარტს თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 5 000 განაცხადია მიღებული რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მათგან 800–ს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად განიხილავს. მან განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო რეპატრიაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებას გეგმას; მან დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ცვლილებები რეპატრიაციისთვის დაწესებული ზოგიერთი ვადის შემსუბუქებას ეხება.

თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს–კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და ასევე თბილისში მდებარე მეჩეთს ეწვია, სადაც იგი ერთ–ერთ სასულიერო ლიდერს შეხვდა.  

ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ბოლო წლებში ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია თურქეთთან ურთიერთობების კონტექტსში, ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე შუასაუკუნოვანი მართლმადიდებლური ეკლესიების აღდგენის საჭიროებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს წინა ხელისუფლება თურქეთთან ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენების თაობაზე პოტენციური შეთანხმების საკითხს და ასევე საქართველოში რამდენიმე სხვა მეჩეთის აღდგენის საკითხს განიხილავდა თურქეთში რამდენიმე შუასაუკუნოვანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რეკონსტრუქციის სანაცვლოდ. გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამგვარი შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.   

შარშან ინიციატივას ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენების თაობაზე, რომელიც ორმოციან წლებში ხანძარმა გაანადგურა, საქართველოში ზოგიერთი ჯგუფის მწვავე წინააღმდეგობა მოყვა; ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს მეჩეთი, რომელიც მე–19 საუკუნეში აშენდა, დაახლოებით ათი წლით ადრე, სანამ ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდებოდა 1878 წელს აჭარა რუსეთის იმპერიისთვის დაეთმო, აჭარაში ოსმალეთის მმართველობის „სიმბოლოა“. 

მართალია კოალიცია ქართულ ოცნებაში იყვნენ წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს თავისი საარჩევნო კანპანიის დროს არასდროს უსაუბრია მეჩეთის აშენების წინააღმდეგ. თუმცა, იგი ზოგადად აკრიტიკებდა მაშინდელი მთავრობის მიდგომას ამ საკითხის მიმართ, აცხადება რა, რომ ეს მიდგომა არ იყო გამჭირვალე.

თებერვალში ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ თურქეთთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ქართველი ექსპერტები თურქეთში ქართული ეკლესიების აღდგენის პროცესში ჩაერთვებიან; მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მეჩეთი ასევე აშენდება ბათუმში; თავიანთ განცხადებებში ამ საკითხზე პრემიერ–მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ ეს იქნება ახალი მეჩეთი და არა აზიზიეს მეჩეთი, და იგი იმიტომ აშენდება, რომ ადგილობრივ მაჰმადიან ქართველებს აჭარაში ის სჭირდებათ. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ დრომდე თავისი პოზიცია ამ საკითხზე არ დაუფიქსირებია.

14 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში ადგილობრივ მაჰმადიან მოსახლეობას სჭირდება და ეს არ უნდა გახდეს დაპირისპირების წყარო ქვეყანაში, რომელსაც შემწყნარებლობის ტრადიცია გააჩნია.

მან ისიც კი განაცხადა, რომ სურვილი აქვს საკუთარი ფულით, თავისი საქველმოქმედო ფონდის საშუალებით დააფინანსოს ახალი მეჩეთის მშენებლობა.

როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ თემაზე, და ასევე თურქეთში ქართული ეკლესიების აღდგენის შესახებ ჰკითხეს, მან საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მეჩეთები და ეკლესიები საერთო კულტურული მემკვიდრეობაა; მან განაცხადა, რომ ქართველი ექსპერტები თურქეთში მართლმადიდებლური ეკლებიის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას და ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში მუსულმანური თემი ცხოვრობს, რომელიც სთხოვს ხელისუფლებას, რომ მათ მეჩეთი აუშენონ; მისი თქმით, თურქეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ამ საქმეში; მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკუთარ წვლილს შეიტანს ამ პროცესში. 

თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავუთოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.

„თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ საქართველოს ყველა თემმა მშვიდობასა და ძმობაში უნდა იცხოვროს. თურქეთში არის როგორც ქართული, ისე აფხაზური დიასპორები მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ჩვენ ვაცხადებდით, რომ გამოსავალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით უნდა გამოინახოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Civil.Ge © 2001-2024