ანქვაბი რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოების წარმომადგენლებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Mar.'13 / 15:20

ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები 28 მარტს სოჭში აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდნენ.

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ პირველად მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა 28 მარტს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქოს შეხვედრის შესახებ რაიმე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია და მისი წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.   

აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრაში მონაწილეობა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ მიიღეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა აზრები გაცვალეს არსებული სიტუაციის და აფხაზეთში მართლმადიდებლობის განვითარების პერსპექტივების თაობაზე. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი აზრი გამოხატა არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ“, – ნათქვამია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პრეს–რელიზში
 
„საუბრის დროს აფხაზეთის პრეზიდენტმა ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის სასულიერო პირების და აფხაზეთის მართლმადიდებელი ხალხის სასულიერო კავშირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიდი ხანია დაიკარგა და ისინი ვეღარ აღდგება“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

„თავის მხრივ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა რწმენა გამოხატა, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საეკლესიო კანონების მკაცრი დაცვის საფუძველზე“.

„მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეკლესიის მშვიდობიან მსახურებას გაუსვა ხაზი, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

ამავე პრეს–რელიზის თანახმად, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „სხვადასხვა ფორმატებში ამ საკითხზე კონსულტაციების და შეხვედრების“ შემდგომი გაგრძელების საჭიროებას.

ოფიციალურად, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს აღიარებს, რომელიც ასევე მოიცავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

მართალია ოფიციალურად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთზე საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციას აღიარებს, მაგრამ აფხაზ მართლმადიდებელ მღვდლებს, რომლებიც უარს აცხადებენ ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებაზე, აფხაზეთში სასულიერო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილებას რუსი მღვდელმთავრები ანიჭებენ.     

რამდენიმე წლის წინ აფხაზი სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა აქტიური კამპანია წამოიწყო აფხაზეთში დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიზნით ჯგუფმა 2011 წლის 15 მაისს აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია ჩამოაყალიბა.  ამ ქმედებას დაუპირისპირდა არა მხოლოდ აფხაზური სამღვდელოების მეორე ჯგუფი, რომელიც რეგიონის საეკლესიო ცხოვრებაში დომინანტურ როლს ასრულებს წლების მანძილზე, არამედ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაც.

მოსკოვში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტის დროს 12 მარტს აფხაზეთის ლიდერი რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა.

მოსკოვს იანვარში სტუმრობდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.  

Civil.Ge © 2001-2024