ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'13 / 15:11

საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე ნატო ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავს ქვეყნის წინა ხელისუფლების და ახალი მთავრობის პოზიციებში, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ 29 მარტს.

რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში ვერშბოუმ გაიმეორა, რომ ნატო ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ერთგული რჩება, რომლის გადაწყვეტილებითაც საქართველო ოდესმე გახდება ალიანსის წევრი.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, მან უნდა განაგრძოს დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება და რომ მას შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში რეგიონის და გლობალური მასშტაბით“, – განაცხადა ვერშბოუმ. „ისინი პოლიტიკური კოჰაბიტაციის საინტერესო გამოცდილების მიღების პროცესში იმყოფებიან და ცოტა ხნის წინ მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების გზით“.

კითხვაზე კვლავ ადგას თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნატოში ინტეგრაციის გზას, ვერშბოუმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სხვაობას ახალი მთავრობის და წინა ხელისუფლების პოზიციებს შორის“.

„მათ მიიღეს საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული და რომლის თანახმადაც, საქართველოს მომავალი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციაა“, – განაცხადა მან.

ვერშბოუმ ასევე განაცხადა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.

„გაფართოება კვლავ ჩვენი პოლიტიკაა – ჩვენ ოთხი კანდიდატი გვყავს: მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო; თუ რა მოხდება, ეს მათი ქმედებებზე და მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მან. 

Civil.Ge © 2001-2024