ქართული ეკლესია უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'13 / 11:35

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა კვირას, რომ რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება „დაუშვებელია“.

„ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას“, – ნათქვამია საქართველოს–კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს წერილობით განცხადებაში.

„ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.

მარტის შუა რიცხვებში ახალქალაქის საკრებულომ გადაწყვიტა პარლამენტისთვის მიემართა თხოვნით ქარტიის რატიფიცირების თაობაზე. 

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 18 მარტს, რომ ახალქალაქის საკრებულოში ამ საკითხის განხილვა ქართული ოცნების პროვოცირებულია და ეს უკანასკნელი და ამჟამინდელი მთავრობა იმაში დაადანაშულა, რომ მათ ვერ შეძლეს სიტუაციის სწორედ მართვა áƒáƒ“გილზე, ძირითადად სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში. მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, ის ისე აგვარებდა სიტუაციას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს ქარტიის რატიფიცირება, რადგანაც ეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია; მისი თქმით, წინა ხელისუფლება ამ საკითხის მიჩქმალვას ცდილობდა ნაცვლად იმისა, რომ რაიმე არსებითი ნაბიჯი გადაედგა მის გადასაწყვეტად.

Civil.Ge © 2001-2024