საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი კრწანისის რაიონის გამგებელი გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'13 / 14:28

თბილისის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა.

ბერძენიშვილი, რომელიც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მარტის დასაწყისში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბერძენიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი  საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბარათაშვილი მისგან მთავრობის სასარგებლოდ მოითხოვდა ახალი ამბების გაშუქებას. ბარათაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბერძენიშვილი თანამდებობიდან რეაორგანიზაციის ფარგლებში გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მას დირექტორის მრჩევლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. რამდენიმე დღის შემდეგ, 4 მარტს, თავად ბარათაშვილი დაითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ – ეს გადაწყვეტილება ბარათაშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა.

კრწანისის რაიონის ახალ გამგებლად ხათუნა ბერძენიშვილის წარდგენისას თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა 1 აპრილს, რომ მისი მიზანია, რომ თბილისის რაიონების გამგებლების პოსტებს  მეტი „პოლიტიკური ფუნქციები“ მიანიჭოს.

„პოლიტიკურ ფუნქციებში იგულისხმება ყველა ადამიანის დაცვა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა სისტემამ შეავიწროვოს; ის [ახალი გამგებელი] უნდა იყოს რაიონში ადამიანის უფლების დამცველი“, – განაცხადა უგულავამ.  

Civil.Ge © 2001-2024