მერაბიშვილი: პოლიტიკური სიტუაცია 19 აპრილს რადიკალურად შეიცვლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'13 / 19:09

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე „ქართველი ხალხი ბევრ ახალ სიახლეს გაიგებს“ და „პოლიტიკური სიტუაცია 19 აპრილს რადიკალურად შეიცვლება“.

„ნაციონალური მოძრაობა არსებობს, იბრძვის და 19 აპრილს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დარწმუნდება და ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებს იმიტომ, რომ ბევრი ადამიანისთვის 19 აპრილი იქნება სიურპრიზებისა და სიახლის მომტანი. პოლიტიკური სიტუაცია 19 აპრილს რადიკალურად შეიცვლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილმა 1 აპრილს.

ერთ–ერთი ჟურნალისტის კითხვაზე დასახელდება, თუ არა 19 აპრილის აქციაზე ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის, გენერალურმა მდივანმა უპასუხა,  „მე გეტყვით, რომ ამაზე მეტად  უფრო საინტერესო ამბები გახდება ცნობილი“.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა აქცია 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით ერთი თვის წინ დაანონსა და განაცხადა, რომ აქცია მიმართული იქნება ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის დასაფიქსირებლად. 

Civil.Ge © 2001-2024