შინაგან საქმეთა სამინისტროს და საია–ს დავა ბათუმის ინციდენტზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'13 / 17:35

ინციდენტი, რომლის დროსაც 28 მარტს ბათუმში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და ორ მძღოლს შორის ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, სერიოზულ დავაში გადაიზარდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის ფარგლებშიც შსს-ს პოლიციის მაღალჩინოსნის კანონდარღვევის დაფარვასა და მნიშვნელოვანი მტკიცებულების გადადგურებაში სდებენ ბრალს.

ინციდენტში მონაწილე ერთ–ერთი მძღოლი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანი ვალერიან თელიაა, ხოლო მეორე საია–ს ადგილობრივი თანამშრომელი, როინ ფარტენაძე. 

მათი გზა ბათუმის ერთ–ერთ გზაჯვარედინზე გადაიკვეთა, სადაც ძლივს გადაურჩნენ ავარიას; მძღოლები ერთმანეთს უსიგნალებდნენ, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაებნენ. 

საია–ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ მას აჭარის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პოლიციის მაღალჩინოსანი უარყოფს.

შსს–ს და საია–ს შორის დაპირისპირების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ თელია მანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა.

28 მარტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი მაღალჩინოსნის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა და ახლომდებარე კერძო კომერციულ ობიექტ „ბათუმის სახლზე" დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეომასალის დათვალიერება მოსთხოვა. 

თუმცა მოგვიანებით 28 მარტს საია–მ განაცხადა, რომ პოლიციამ კამერიდან აღებული ვიდეო-მასალა გაანადგურა, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო აჭარის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საია-ს პოზიციის გასამყარებლად. 28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე კამერის ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც ინციდენტის ადგილზე გადაღებულ მასალას მოიცავს. 

2 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა ინციდენტის შესწავლა, რის შედეგადაც გაარკვია, რომ აჭარის პოლიციის უფროსს საიას თანამშრომლის მიმართ არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მისივე თქმით, საიას თანამშრომელი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გამოძიების შედეგებით, ინციდენტზე მთლიანი პასუხისმგებლობა საიას თანამშრომელს დაეკისრა; შსს-მ სწორედ ის დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს–მ დაადასტურა, რომ ახლომდებარე სამეთვალყურეო კამერიდან ვიდეომასალა წაშლილია, თუმცა უარყო, რომ ეს განზრახ გაკეთდა.

სამინისტროს თქმით, პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც აღნიშნული ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო კამერიდან გადაღებული ვიდეომასალა უნდა ამოეღო, „დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა“.

„დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური“, – განაცხადა შსს–მ.

საია–მ აღიარა, რომ მისი თანამშრომელი „მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა“ და საგზაო წესები დაარღვია, მაგრამ განაცხადა, რომ ამგვარი დარღვევები არ აძლევს პოლიციის მაღალჩინოსანს „სამართალდამრღვევი მოქალაქეების ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებას“.

„ცალსახაა, რომ გენინსპექციის დასკვნაში მოცემული ფაქტები და შეფასებები არის არა ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური აღწერა, არამედ ამ ინციდენტის ცალმხრივი ვერსია, რომელიც არათუ არ პასუხობს კითხვებს, არამედ აჩენს დამატებით ეჭვებს“, – განაცხადა საია–მ.

შიდა გამოძიების შედეგებზე საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ თელია მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მანქანას.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე საიამ განაცხადა, შსს–ს პრესსპიკერი იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონდა; მან განაცხადა, რომ იგი ამისთვის დააჯარიმეს.

შსს ასევე შეეცადა, რომ გაემართლებინა მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარების ფაქტი იმით, რომ თელიას გადაუდებელი საქმე ჰქონდა,  ვინაიდან ის სერიოზული დანაშაულებრივ შემთხვევის მოსაგვარებლად მიდიოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფებმა თბილისში შსს–ს წინ და ბათუმში ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს წინ საპროტესტო აქციები გამართეს; მათი თქმით, შსს ინციდენტის მიჩქმალვას ცდილობდა იმის ნაცვლად, რომ ზედმიწევნითი და ობიექტური გამოძიება ეწარმოებინა; მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს საქმე უარყოფით პრეცედენტს ქმნის და აჩვენებს, რომ შსს–ს ახალი ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების სავარაუდო კანონდარღვევების დაფარვის კუთხით წინა ხელმძღვანელობის ტენდენციას აგრძელებს.

საიამ განაცხადა 3 აპრილს, რომ იგი მთავარ პროკურატურას მიმართავს ინციდენტის გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ასევე მოუწოდა შსს–ს, რომ აჭარის პოლიციის უფროსს ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება დაავალოს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საიას ინციდენტთან მიმართებაში გადამეტებული რეაქცია ჰქონდათ.

მისი თქმით, თელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მუნდირის ღირსების დაცვა მოუხდა; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ არ მოსწონს ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და შესაძლოა თელიამაც გადაამეტა, მაგრამ „ისიც ადამიანია“.

4 აპრილს ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ სწორედ პოლიციის უფროსის ძალისხმევის წყალობით რეგიონში კრიმინოგენული თვალსაზრისით „სტაბილური სიტუაციაა“. 

ნარკოტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის თელიამ, პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე ამგვარი ნარკოტესტი გაიარეს და მისი გამეორების საჭიროება არ არსებობს.

„მე არ ვიცი, რატომ ითხოვენ ჩემი თანამშრომლების ნარკოტესტის ჩატარებას. როგორ მოგეწონებათ, რომ მე მოვითხოვო საიას თანამშრომლების ან სხვა ორგანიზაციის ან სამინისტროს თანამშრომლების ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024