იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Apr.'13 / 16:10

პარლამენტმა 5 აპრილს 82 ხმით 24-ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მთავარ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა წარმოადგენს.

კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა მისი მრავალჯერ გადახედვა და დისკუსიები სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ შორის საპარლამენტო დებატები, მოლაპარაკებები ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის და ასევე ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტის შესწავლა და რეკომენდაციების წარდგენა.

კანონპროექტი იმ შემთვევაში შევა ძალაში, თუ მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს; ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამ კანონპროექტის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ.

საპარლამენტო უმრავლესობას აქვს შესაძლებლობა, რომ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო (სულ ცოტა 89 ხმით), როგორც მან ეს უკვე გააკეთა ერთხელ  ამნისტიის აქტთან დაკავშირებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც  სასამართლო სისტემას კურირებს და მოსამართლეების დანიშნვის და გათავისუფლების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის უფლებამოსილება გააჩნია.

საბჭო 15 წევრისგან შედგება და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი უძღვება; áƒ˜áƒ’ი თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს საბჭოში, ვინაიდან ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხვა წევრი ოთხწლიანი ვადით არის არჩეული; იგივე ვადაა გათვალისწინებული ახალი სისტემითაც.

ამჟამად საბჭოს ორ წევრს პრეზიდენტი სააკაშვილი ნიშნავს.

საბჭოს ოთხი წევრი დეპუტატია, მათ შორის ერთი მათგანი  საპარლამენტო უმცირესობიდან; ერთი ადგილი თანამდებობრივად ეკუთვნის  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს – ამჟამად ეს თანამდებობა ქართული ოცნების დეპუტატს ვახტანგ ხმალაძეს უკავია, ხოლო წინა პარლამენტში ეს პოსტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს პავლე კუბლაშვილს ეკავა. ეს უკანასკნელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძმაა.

ახალი სისტემა ამ წესს აუქმებს  - საბჭოში აღარ იქნებიან დეპუტატები და პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრები.

ახალი წესების თანახმად, ექვს წევრს პარლამენტი აირჩევს იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები; იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

ეს ექვსი წევრი პარლამენტმა ხმების ორი–მესამედით ფარული კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების ხმებიც იქნება საჭირო. მაგრამ ჩიხის თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტი სთავაზობს ხელმეორე კენჭისყრის გამართვას იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში კანდიდატები ორი–მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ; ასეთ შემთხვევაში უბრალო უმრავლესობა – 76 ხმა  – საკმარისი იქნება, რომ კანდიდატი საბჭოს წევრად დამტკიცდეს.

თუმცა, ანტი–ჩიხური ღონისძიებები არ შეეხება ორ ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრიდან სულ ცოტა ორი აუცილებლად უნდა იქნას არჩეული ორი–მესამედის მხარდაჭერით; შესაბამისად, ორი ადგილი საბჭოში ვაკანტური მანამ დარჩება, სანამ პარლამენტი სულ ცოტა 100 ხმით კანდიდატებს ვერ აირჩევს.

საბჭოში დანარჩენ რვა ადგილს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეები დაიკავებენ;  მოქმედი რეგულაცია საშუალებას იძლევა, რომ მოსამართლე საბჭოს წევრად არჩეული იყოს არა უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ – ეს წესი ახალ სისტემაში აღარ იარსებებს. 

ახალ სისტემას მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შემოაქვს საბჭოს დაკომპლექტების სასამართლო კომპონენტში; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლება, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინოს; ყველა მოსამართლეს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ კანდიდატი წარადგინოს. ამასთან იცვლება საბჭოს წევრების არჩევის წესიც - მათ მოსამართლეთა კონფერენცია ამჟამად მოქმედი ღია კენჭისყრის ნაცვლად, თანამდებობებზე ფარული კენჭისყრის შედეგად გაამწესებს.

სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს საშუალება ექნებათ საბჭოს წევრობაზე იყარონ კენჭი, მაგრამ არჩევის შემთხვევაში მათ თანამდებობების დატოვება მოუწევთ. კენჭისყრა ასევე შეეძლებათ პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს და არჩევის შემთხვევაში ისინი საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ, მაგრამ ახალი წესების თანახმად, ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ უნდა აღემატებოდეს.

იმ მოსამართლეებს, რომელთა ამჟამინდელი წევრობის კრიტერიუმები არ შეესაბამება ახალ წესებს, უფლებამოსილება შეუჩერდებათ. თუმცა, ამ მოსამართლეებს შეეძლებათ კვლავ იყარონ კენჭი საბჭოში მოსახვედრად და დაიბრუნონ წევრის სტატუსი ოთხი წლის ვადით, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია ახალი წესების შესაბამისად აირჩევს.

ეს დებულება ნიშნავს იმას, რომ რვიდან შვიდი მოსამართლე, რომლებიც ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან, დაკარგავენ თავიანთ ადგილებს, ვინაიდან ისინი ან სასამართლოების თავმჯდომარეები, ან მოადგილეები არიან, ანდა საბჭოში არჩეული იყვნენ არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ მისი ცხრაწევრიანი ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

ახალი წესების მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენციამ წევრები ახალი კრიტერიუმების შესაბამისად უნდა აირჩიოს კანონპროექტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. იგივე ვადაა დადგენილი საბჭოს საპარლამენტო კომპონენტის დასაკომპლექტებლად.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უარი თქვეს კანონპროექტის მხარდაჭერაზე იმ მოტივით, რომ ის სრულად არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სურს, რომ ამ კანონპროექტით სასამართლო ხელისუფლება დაიქვემდებაროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი 99%–ით შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

4 აპრილს უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რეფორმების ნაჩქარევად გატარების ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტზე ხანგრძლივი დისკუსიების გზა აირჩია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეებზე, რამაც შეაფერხა ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება „თავისუფალი და სამართლიანი“ სასამართლოს დამკვიდრების თაობაზე. მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხანგრძლივი პროცესი „საკმაოდ ძვირადღირებული“ იყო ქართული ოცნებისთვის, რადგანაც მას მრავალი კრიტიკა შეხვდა   საკუთარი მხარდამჭერებისგან ამ რეფორმის გაჭიანურების გამო.

„პოლიტიკოსები იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ავიღოთ ზარალი და ზიანი და არა ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ“, – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024