სააკაშვილი ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'13 / 11:46

პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის "იურიდიული დასაბუთების" მიცემის ტოლფასია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 აპრილს და დასძინა, რომ იგი არ ითანამშრომლებს ომთან დაკავშირებულ გამოძიებასთან.

პრეზიდენტ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ–მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც აღნიშნა 10 აპრილს, რომ 2008 აგვისტოს გარემოებები კვლავ „ბურუსითაა მოცული“ და ის გამოძიებულ უნდა იქნას. „მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს, მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში“, – განაცხადა ივანიშვილმა. „გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები“. პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე უნდა დაიკითხოს ამ პროცესში, თუ „ამის საჭიროება იქნება“. 

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 11 აპრილს, რომ შეიქმნება პროკურორების ჯგუფი, რომელიც სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს – გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და რომელიც ახლა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევის სტადიაშია.

„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას უნდა პრაგმატული პოლიტიკის გატარება რუსეთთან და მე ამას მივესალმები; ჩვენც ვცდილობდით ამის გაკეთებას“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ვარშავაში, სადაც იგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„მაგრამ ამიხსენით, რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც შენი ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ იურიდიულ დასაბუთებას ოკუპაციის? რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს ცარიელ ადგილზე, რომელიც მას ჰქონდა დაკარგული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„არც ერთ ოფიციალურ პირს მსოფლიოში, გარდა რუსეთის ოფიციალური პირების და უგო ჩავესისა არ დაუდანაშაულებია საქართველო... ომის გაჩაღებასა და ომის ინიცირებაში“, – განაცხადა მან, „პრემიერ–მინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს შეიარაღებული ძალები 2008 წლის ომის გაჩაღებაში“.

„დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც იძახის, რომ საქართველომ დაიწყო პირველმა სამხედრო მოქმედებები, ესე იგი პრაქტიკულად კოზირს აძლევს აგრესორს თუნდაც საერთაშორისო აღიარების პროცესების გაგრძელების“, – განაცხადა მან.

„მე, როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ–მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება“.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და რომელიც პირდაპირაა მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024