დემოკრატიის საკითხებზე აშშ-საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'13 / 20:11

12 აპრილს თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში მოქმედი დემოკრატიული სამუშაო ჯგუფის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა, სადაც „გამოითქვა მრავალფეროვანი მოსაზრებები საქართველოში დღემდე ჩატარებული რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესსა და ქვეყანაში კონსტრუქციული თანაცხოვრების ხელშეწყობის საკითხის განხილვისას“.

შეხვედრას ქართული მხრიდან თანათავმჯდომარეობას უწევდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ხოლო ამერიკული მხრიდან - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები თომას მელია და ერიკ რუბინი. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების,  საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. 

სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაესვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების „უწყვეტ მხარდაჭერას“. 

„სამუშაო ჯგუფის მიერ აღინიშნა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა წარმოადგენს პოზიტიურ განვითარებას, რაც ადასტურებს საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ, რომელიც ქვეყანაში ფართო კონსენსუსით სარგებლობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის სამუშაო ჯგუფმა  საქართველოში კონკრეტული საარჩევნო გარემოს   ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გეგმები განიხილა 2013 წლის აპრილის პარლამენტის შუალედური, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდისთვის.

„სამუშაო ჯგუფმა მიმოიხილა საქართველოს ძალისხმევა დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გამყარების, პოლიტიკური პლურალიზმის და საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის, მედიის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ასევე  დეცენტრალიზებული მმართველობის კუთხით ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკელ დიპლომატებს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი áƒ¡áƒáƒ‘ჭოს დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რაზეც საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 5 აპრილს დაამტკიცა, თუმცა მისთვის ჯერ პრეზიდეტ სააკაშვილს ხელი არ მოუწერია. თომას მელიამ ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო ჯგუფმა ამ საკითხის განხილვას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო.

„აშკარაა რომ ფართო კონსესუსი არსებობს, რომ საჭიროა სასამართლოს საქმიანობის რეფორმირება, კერძოდ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მხრივ. დღევანდელი განხილვების დროს ჩვენ სხვადასხვა მხარეებისგან მოვისმინეთ საპირისპირო მოსაზრებები, თუ რა არის საუკეთესო გზა. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მიმდინარეობდა აქტიური დებატები, კონსულტაციები, იყო კომპრომისები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა შეარჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი ისეთი არამოსამართლე წევრი, რომლებიც იქნებიან კვალიფიციურები და რომ ეს შერჩევა გაკეთდეს აპოლიტიკური, არაპარტიული მიდგომით.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად ასევე განსაზღვრავს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.
 

Civil.Ge © 2001-2025