პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადაზე ცვლილებებს დაჩქარებული წესით იღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Apr.'13 / 16:33

17 აპრილს პარლამენტმა 74 ხმით 8-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების თქმით, წარმოადგენს პრევენციულ ზომას, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დაგეგმილი რეფორმის განხორციელებას დაბრკოლება არ შეექმნას.

კანონპროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმატიული áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ¡ ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად უწესდება მაქსიმუმ 45 კალენდარული დღე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო აქტის შეჩერებიდან 30 დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლება ვადა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილ ვადაში  გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს, კანონპროექტის თანახმად.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის ინიცირებულია და ის დაჩქარებული წესით იხილება.

კანონპროექტის ინიციატორმა 17 აპრილს საპარლამენტო განხილვის დროს ღიად განაცხადა, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უკავშირდება პრევენციული ზომების მიღებას, რათა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების ამოქმედებას ნაციონალურმა მოძრაობამ „პროცედურული ომებით“ დაბრკოლება არ შეუქმნას. მას მხედველობაში ჰქონდა ამ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შეჩერების შესაძლო მცდელობა.

სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის  მთავარ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა წარმოადგენს და რომლის კატეგორიული წინააღმდეგია პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, პარლამენტმა რამდენიმე თვიანი განხილვის შედეგად 5 აპრილს საბოლოო მოსმენით დაამტკიცა, რის შემდეგაც პროექტი პრეზიდენტს გაეგზავნა ხელმოსაწერად, რათა ის ძალაში შევიდეს. 

მიხეილ სააკაშვილს კანონპროექტზე ხელი ჯერ არ მოუწერია და მისთვის კანონმდებლობით ამ პროცედურისთვის დადგენილი ვადა 25 აპრილს იწურება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მიანიშნეს, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს მას. მარტში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ კანონის ამოქმედების წინააღმდეგ მის ხელს არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.

„თქვენმა ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებენ, ხოლო თუ ვეტო დაიძლევა, ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ანუ გამოიყენებენ ყველა ხერხს იმისათვის, რომ კანონი რაც შეიძლება გვიან ამოქმედდეს. ეს ზიანს მიაყენებს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ქვეყანას, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას, ამიტომ საჭიროა მივიღოთ ეს პრევენციული ზომები, რომელიც ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, კანონმდებლობით, მაქსიმუმ 11 თვე შეიძლება გაგრძელდეს და მოქმედი დებულებით, ამავე ვადით შესაძლებელია სადავო აქტის შეჩერებაც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიულ აქტს შეუძლია  ერთ-ერთი მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს. თუმცა, კანონმდებლობა ცალკეული შინაარსის საკითხების განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ ვადებს უწესებს, მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის განხილვის ვადად მაქსიმუმ 12 დღეს განსაზღვრავს.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა გააკრიტიკეს, როგორც სასამართლოებთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების „პოლიტიკური მიზნების ლუსტრაცია“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის მოკლე ვადების დადგენის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას შეიძლება ხელი შეეშალოს, რადგან ის ჩადგება „ცაიტნოტის“ მდგომარეობაში, რის გამოც მან შეიძლება დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. მისი თქმით, კანონპროექტი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების პოლიტიკური მოტივაციებით ცვლა კი არის არასწორი ნაბიჯი“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებაში პოლიტიკური კომპონენტი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის დაჩქარებული წესით იხილება. მისივე თქმით, მომავალში ასევე იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადების áƒáƒžáƒ¢áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ–აციის კუთხით სხვა ცვლილებების გატარება. მან ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირებისას კონსულტაციები გაიარა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და კანონპროექტში მისი რამდენიმე შემოთავაზებაც გაითვალისწინა.

Civil.Ge © 2001-2025