ზალკალიანი იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუციის თაობაზე გაეროს სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 May.'13 / 14:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ერთკვირიანი ვიზიტით ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინას სტუმრობდა. მისი ვიზიტის მიზანი áƒ˜áƒ«áƒ£áƒšáƒ”ბით გადაადგილებულ პირთა შესახებ áƒ˜áƒ› რეზოლუციისთვის მხარდაჭერის მოპოვება იყო, რომლის ინიცირებასაც თბილისი 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად ახდენს. 

1–7 მაისს განხორციელებული ვიზიტის დროს ზალკალიანმა „გამართა 50-მდე ორმხრივი შეხვედრა პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან“ გაეროში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს.

„შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ რეზოლუციას და მისი მხარდაჭერის საკითხს“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საქართველო მეექვსედაც დააყენებს ამ შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც  კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს მიერ ინიცირებული პირველი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წელს მიიღო (აფხაზეთთან მიმართებაში) და შემდეგ 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებობა ამგვარ რეზოლუციებს, აცხადებდა რა, რომ ეს საქართველოში დევნილთა საკითხის მოგვარების კონტრპროდუქტიული იყო;  მოსკოვი დაჟინებით აცხადებს, რომ დევნილთა საკითხების განხილვის შესაფერის ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიები წარმოადგენს, და არა გაეროს გენერალური ასამბლეა. მოსკოვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ამ საკითხის დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სურს, სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებობა გაეროში ამგვარ დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა, რის წინააღმდეგაც საქართველო ყოველთვის გამოდიოდა.

წლების განმავლობაში საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას.

2008 წელს რეზოლუციას 14–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11–ის წინააღმდეგ, 105–მა კი თავი შეიკავა. მომდევნო წელს რეზოლუციას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. 2010 წელს მხარდამჭერთა რაოდენობა  უმნიშვნელოდ გაფართოვდა და 50 ქვეყანა მიემხრო, 17–ის წინააღმდეგ, ხოლო 86–მა თავი შეიკავა. 2011 წელს რეზოლუციას მხარი 57-მა ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ, 74–მა კი თავი შეიკავა და 2012 წელს რეზოლუციას მხარი 60–მა ქვეყანამ დაუჭირა 15–ის წინააღმდეგ; 82–მა კი თავი შეიკავა.

Civil.Ge © 2001-2024