ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'13 / 17:48

ქაოტური დაპირისპირები, რასაც წინ უძღოდა ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტის მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის ჩაშლა, სხვადასხვა ადგილებში პერიოდულად კვლავ გრძელდება.

ინციდენტის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში, ასობით მართლმადიდებელი აქტივისტი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება პარლამენტის ყოფილი შენობის წინ; დანარჩენი ასეთი ჯგუფები ახლომდებარე ქუჩებზე არიან áƒ›áƒáƒ‘ილიზებულები. მათი რაოდენობა შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა სასულიერო პირმა მათ სამების საკათედრო ტაძარში გადასვლისკენ მოუწოდა.

ერთ–ერთი ინციდენტის დროს ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს ფილარმონიის მახლობლად აგრესიული ახალგაზრდები დაესხნენ თავს, თუმცა მათ მოახერხეს და ახლომდებარე სუპერმარკეტს შეაფარეს თავი, რომელსაც მოგვიანებით მართლმადიდებელი აქტივისტების დიდმა ჯგუფმა შემოარტყა ალყა. პოლიცია ადგილზე მივიდა და ჯერჯერობით იქ რჩება.

სულ ცოტა 12 ადამიანი, მათ შორის სულ ცოტა სამი პოლიციელი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი ინციდენტების დროს.

სახალხო დაცველის აპარატის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა მცდელობა, რომ ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისი დაერბიათ áƒ—ბილისში. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პოლიციას ჩარევისა და ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ პარალელური აქცია „გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან“ და „ძალადობაში გადაიზარდა“ და „პოლიციამ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლება იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეთა დაკავება და შესაბამისი რეაგირება“.

ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 17 მაისს 13:00 საათზე უნდა გაემართათ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

თუმცა მათ აქციის ადგილის შეცვლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც შენობის წინ მდებარე ტერიტორია მართლმადიდებელი აქტივისტებით და სასულიერო პირებით გაივსო.

მათ თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარე ტერიტორია შეარჩიეს აქციის ალტერნატიულ ადგილად.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქციის ადგილი შეიცვალა, პარალელური აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

პოლიციამ ვერ შეძლო ხალხის შეჩერება, რასაც ქაოტური დაპირისპირებები მოყვა.

მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ რამდენიმე ავტობუსი მიიყვანა აქციის ადგილას, რათა იქიდან ლგბტ აქციის მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა.

ერთ–ერთ ავტობუსს, რომელსაც აქციის მონაწილეები გადაჰყავდა, მართლმადიდებელი აქტივისტები თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაუმტვრიეს; ასევე ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, რომლის დროსაც რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პოლიციელი, დაშავდა. 

ჯერჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თბილისის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდებს.

 

Civil.Ge © 2001-2024