ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'13 / 16:58

ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის აღკვეთისა áƒ“ა პირადი მონაცემების დაცვის მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურებისა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწის გზით.

ამ თემაზე 24 მაისს საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამადაც გააჩნია უკანონო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.

კერძოდ, ორგანიზაცია, მობილური ოპერატორი კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შსს-ს ახლაც აქვს დამონტაჟებული ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც ერთდროულად 21 000 ნომრის მოსმენა შეუძლია პირდაპირი წვდომის შედეგად, ოპერატორი კომპანიების მონაწილეობის გარეშე.

„ჩვენ არ ვიცით და ძალიან ძნელია იმის ზუსტად დადგენა, თუ რამდენად იყენებს ან არ იყენებს სამინისტრო მის ხელთ არსებულ ტექნიკურ საშუალებებს უკონტროლო მოსმენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ცდუნების არანაირი საფუძველი არ გააჩნდეთ“, - განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. 

ორგანიზაცია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან ამოიღოს კუთვნილი „შავი ყუთები“ და კომპანიებთან ურთიერთობა კანონის ჩარჩოებში მოაქციოს.

ამ მოწოდებაზე შსს-ის წარმომადგენელმა 24 მაისს გამართულ კონფერენციაზე კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა და ზოგადად, აღნიშნა, რომ უწყება მზადაა და ღიაა თანამშრომლობისთვის.

მობილური ოპერატორი კომპანია ჯეოსელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, ხვალვე შესაძლებელია „კარგი პრაქტიკის“ დანერგვა. 

2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია 2012 წლის 25 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში პირადი ხასიათის ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარული მიყურადება სასამართლოს სანქციით უნდა ხდებოდეს, მაგრამ „შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩანს, კვლავ აქვს პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო კომპანიების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც უკანონო სახელისუფლებო თვალთვალის თაობაზე წუხილებს აღძრავს“.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას გააუმჯობესოს საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ იმ პრინციპის შესაბამისად, რომ ფარული თვალთვალი ან მიყურადება დასაშვები იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში; მათივე რეკომენდაციაა, რომ სასამართლომ სანქცია ფარული მიყურადების თაობაზე, რაც აუცილებელი პირობაა ამგვარი ქმედების კანონიერებისთვის, განსაზღვრული ვადით გასცეს; ხოლო თვალთვალის ობიექტს, თუ დანაშაული არ გამოვლინდება, მოგვიანებით ეცნობოს იმის შესახებ, რომ მას უთვალთვალებდნენ, რათა სურვილის შემთხვევაში თავისი უფლებები დაიცვას; არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ გამკაცრდეს სასჯელი პირადი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა განაცხადა, რომ მისი უწყება იზიარებს წარდგენილი რეკომენდაციების უმეტესობას, რომელთაც ასახავს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომლებზეც ამჟამად მუშაობს არსებული ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ სპეციალური კომისიის შექმნისკენ, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის განადგურების პროცესს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისს, მაშინ, როდესაც მის მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი წაეყენა ამ არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, პირობა დადო, რომ ეს არქივი დაუყოვნებლივ განადგურდებოდა, თუმცა ეს პროცედურა დღემდე არ განხორციელებულა. ამასთან, ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც შეიქმნა უკანონო ჩანაწერების არქივი, ამ მასალების ასლები არ ჰქონდეს კოპირებული.

კვირის დასაწყისში პარლამენტმა ასევე მიუძღვნა ფართო საკომიტეტო განხილვა ფარული თვალთვალის გამკაცრების საჭიროების თემას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს უნდა მოეხსნათ კლასიკური პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი განცდა, რომ მათ მუდმივად უთვალთვალებენ.

„ჩვენ ვერ ვიქნებით მაღალი თანამდებობის პირების კეთილი ნების იმედზე, გვჭირდება ინსტიტუციური გარანტიები იმისთვის, რომ მსგავსი მასალები არ შეიქმნება, არ დასაწყობდება და არ გავრცელდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტი ამ თემაზე მუშაობას ძალიან სერიოზულად აპირებს.

საპარლამენტო მოსმენაზე სასამართლოს წარმომადგენელმა მოიყვანა მხოლოდ თბილისის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის პირველ ოთხ თვეში ფარულ მიყურადებაზე გაცემული ნებართვების გაცემის ტენდენცია შემცირებულია, რასაც სასამართლო ხელისუფლება იმით ხსნის, რომ მან „სტანდარტები გაზარდა“.

სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის პირველ ოთხ თვეში 1 195 ასეთი განაცხადიდან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნებართვა 1 064 შემთხვევაში გასცა ანუ მოთხოვნის 89% დააკმაყოფილა; 2012 წელს 5 951 განაცხადიდან 5 939 დააკმაყოფილა ანუ  99.79%; ხოლო 2011 წელს 7 195 განაცხადიდან 7 187-ზე გასცა ნებართვა, რაც 99.88%-ს შეადგენს.

Civil.Ge © 2001-2024