ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jun.'13 / 19:39

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 ივნისს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.

იგი საკონსტიტუციო სასამართლოს რვა სხვა მოსამართლესაც შეხვდა და უთხრა მათ, რომ მისი áƒ¡áƒ¢áƒ£áƒ›áƒ áƒáƒ‘ის მიზანი ამ ინსტიტუტის მიმართ პატივისცემის დადასტურებაა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ღრმა პატივისცემა სასამართლოსადმი ზოგადად და კონკრეტულად კონსტიტუციური სასამართლოსადმი. ჩემის მხრივ და ჩვენი გუნდის მხრივ, გამოვთქვი რწმუნებულება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გავბედავთ და ვერ გავბედავთ და ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენი გუნდიდან, რომ მცდელობა იყოს იმის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს კონსტიტუციურ სასმართლოზე და საერთოდ სასამართლოზე“, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

„მისასალმებელია ის, რომ კონსტიტუციური სასამართლო გამორჩეულია ზოგადად და მან მოახერხა უფრო სუფთად და უფრო კითხვების გარეშე დარჩენილიყო მიღმა იმ კითხვებისა, რაც არსებობს საზოგადოებაში, არსებობდა საზოგადოებაში სასამართლოსადმი ზოგადად. ამ მხრივ მისასალმებელია და მადლობა შეიძლება გადავუხადოდ ბატონ გიორგის, რამეთუ მისი ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში ეს ფუძნდებოდა. კონსტიტუციური სასამართლოს მიმართ პრაქტიკულად შეკითხვები არ არსებობს და პოზიტივის გარდა საზოგადოებაში ვერაფერს ვერ მოისმენ, ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა“, – განაცხადა  პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მომავალში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსამართლეების ხელფასები გაიზარდოს და „გაიზარდოს მათი დამოუკიდებლობის ხარისხი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიესალმა პრემიერ–მინისტრის განცხადებას, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს სასამართლოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და დამოუკიდებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ბათუმშია განთავსებული, გიორგი პაპუაშვილი თავმჯდომარედ მეორე ხუთწლიანი ვადით 2011 წლის სექტემბერში აირჩია.

Civil.Ge © 2001-2024