შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'13 / 14:47


კადრი შსს–ს ვიდეომასალიდან, სადაც ჩანს იარაღი, რომელიც პოლიციის თქმით, სამეგრელოს რეგიონში მიწისქვეშა სამალავიდან იქნა ამოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია „ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით“ მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი იარაღის სამალავები, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს.

სამალავში ნაპოვნია „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“ და სხვა“, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია დაახლოებით 20 კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; სულ ცოტა შვიდი RPG-ის ტიპის ნაღმტყორცნი, 90–ზე მეტი ხელყუმბარა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომლებიც სავარაუდოდ, პლასტმასის ბიდონებში იყო შენახული მიწის ქვეშ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამალავებში ასევე ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ „ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი“.

შსს–მ ასევე განაცხადა, რომ ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, „რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში“. სამინისტროს განცხადებით, ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას „დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის“.

სამინისტრო, რომელიც არ აკონკრეტებს სამალავის ზუსტ ადგილმდებარეობას, აღნიშნავს, რომ  „სამალავების მიკვლევისა და დროული განეიტრალების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაულები“.

Civil.Ge © 2001-2024