სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jun.'13 / 16:15

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკანში ტელევიზორით „დღეს ან ხვალ“ უზრუნველყოფენ.

„მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებთან წვდომა აქვს, ინფორმაციის მიღება შეუძლია. რაც შეეხება ტელევიზორზე, ნათქვამი მაქვს და დღეს ან ხვალ მას ტელევიზორის საშულება ექნება. კონკრეტულად როდის და როგორ მოახერხებს ამას ციხის ადმინისტრაცია, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია“, - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს 18 ივნისს.

მერაბიშვილის ადვოკატმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და აღნიშნა, რომ ის ასევე ითხოვს, რომ მისი ოჯახის წევრებს პირად საბანკო ანგარიშზე თანხის განკარგვის შესაძლებლობა მიეცეთ.

Civil.Ge © 2001-2025