აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საქართველო განათლების დარგში 140 მლნ დოლარს მიიღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jun.'13 / 16:10

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) 19 ივნისს საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში  განვითარებას მოხმარდება.

MCC–მ თავისი პირველი ხუთწლიანი, 395.3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა საქართველოსთან 2011 წლის მარტში დაასრულა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. 2011 წლის იანვარში MCC–მ თანხმობა განაცხადა საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყებაზე, რის შემდეგაც საქართველომ შეიმუშავა წინადადებები, თუ რას უნდა მოხმარდეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მეორე საგრანტო პაკეტით გამოყოფილი დაფინანსება. 

MCC-ის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა ანალიზი და დადგინდა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა მეცნიერებაში, ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში (science, technology, engineering, and math - STEM).

„ამ დარგებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების და გამომუშავების პოტენციალის გაზრდის მიზნით, შემოთავაზებული კომპაქტი სტრატეგიულ ინვესტიციებს განახორციელებს სტუდენტების ზოგადი განათლების ეტაპიდან დაწყებული ტექნიკური მომზადების და სწავლების შემდეგი საფეხურების დამთავრების ჩათვლით, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდება STEM–ის პროფესიებში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე“, – განაცხადა MCC-იმ.

მეორე კომპაქტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს მოეწერება ხელი, სამი პროექტისგან შედგება.

ესენია: „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი“, რომლის მიზანიცაა გაზარდოს ზოგადი განათლების ხარისხი სკოლების რეაბილიტაციის, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მომზადების გზით; „სამრეწველო უნარ-ჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებით;  „STEM–ის უმაღლესი განათლების პროექტი“, რომლის მიზანიცაა ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზებისა და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზებით.

„ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მთავარი პირობაა მოქალაქეების უზრუნველყოფა განათლებითა და უნარებით, რომელიც  საჭიროა მათთვის, რათა წარმატებას მიაღწიონ მოდერნიზებულ ეკონომიკაში“, - განაცხადა MCC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა.

MCC–მა განაცხადა, რომ 19 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავმჯდომარეობს, აღნიშნა „საქართველოს მიერ კარგი მმართველობის მიმართ ერთგულების მნიშვნელობა.“

Civil.Ge © 2001-2024