ისრაელის და საქართველოს პრემიერ–მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jun.'13 / 16:39


საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა იერუსალიმში 25 ივნისს. ფოტო: ისრაელის მთავრობის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 25 ივნისს იერუსალიმში თავის კოლეგას ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და განაცხადა, რომ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „იდეალური“ და „სამაგალითო“ გახდეს.

პრემიერ–მინისტრმა ნეთანიაჰუმ აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, რომ ორ ქვეყანას „შესანიშნავი ურთიერთობები“ აქვთ და დასძინა, რომ ისრაელს ამ ურთიერთობების „გაფართოება“ სურს.  

„მე მოუთმენლად ველოდი ჩვენს შეხვედრას“, – განუცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას შეხვედრის დაწყებამდე.

„ეს საქართველოს და ისრაელს შორის დიდი ურთიერთობის გაგრძელების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ ეს ურთიერთობა – ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, კულტურულ გაცვლებში, და მე ვიტყოდი, ჩვენს ორ საზოგადოებას შორის ადამიანური ხიდი ავაშენოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ ებრაელების შესანიშნავი თემი გვყავს, რომლებიც საქართველოდან არიან და რომლებიც იქ ათასობით წლის განმავლობაში იყვნენ, და ამას გარდა, ჩვენ გვაქვს თანამედროვე სახელმწიფოები, რომელთაც ღრმა და უშუალო მეგობრობა აკავშირებთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში; დიდი გამოწვევები არსებობს, რომლებიც ირანიდან მოდის და ასევე ბევრი სხვა რყევებიდან ჩვენს რეგიონში. ამის შესახებაც მინდა გესაუბროთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „იდეალური“ და „სამაგალითო“ უნდა იყოს სხვებისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ ებრაელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა 26 საუკუნეზე მეტხანს გრძელდება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ ეს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელმაც თავისი პოტენციალი დატოვა, ჩვენ აუცილებლად მას რეალიზება უნდა გავუკეთოთ და ორ სახელმწიფოს შორის უნდა დამყარდეს იდეალური ურთიერთობა, სამაგალითო მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„საქართველოში საოცრად უყვართ ებრაელი ხალხი და საქართველოში საოცრად ელოდებიან და ცდილობენ, მთელი ქვეყანა მომართულია იმისათვის, რომ ჩვენ ისრაელთან მეგობრული ურთიერთობები გავაღრმავოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„პირველ რიგში, ჩვენ ეკონომიკას შევხედავთ; ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მასთან თანამშრომლობას ამ სფეროში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულებაზე დაიწყოს მუშაობა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „საუკუნეების განმავლობაში ცდილობს მშვიდობა მოიპოვოს“ და „ის მას, რა თქმა უნდა, იმსახურებს“.

ივანიშვილმა ასევე დასძინა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ეკონომიკასთან ერთად, მას სურს, რომ ისრაელის პრემიერ–მინისტრთან უსაფრთხოების საკითხებიც განიხილოს.

„მე მგონი, მოვახერხებთ, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები მრავალმხრივ“, – განაცხადა ივანიშვილმა, ხოლო მისმა კოლეგამ ისრაელიდან უპასუხა: „ჩვენ საერთო ოცნება გვაქვს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრს ახლავს ისრაელში, განაცხადა 24 ივნისს, რომ ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებს შორის შეხვედრაზე „ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი“ იქნება განხილული.

„შეიძლება საუბარი შეეხოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება ან იარაღის შესყიდვას, ან რაღაც მსგავსს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ 24 ივნისს.

პრემიერ–მინისტრს ისრაელში ასევე ახლავს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე; პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია.

25 ივნისს საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა ქნესეთის სპიკერს იული ედელშტეინს. 24 ივნისს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა.

Civil.Ge © 2001-2024