შსს–ს თქმით, ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით 12 პირია დაკავებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jul.'13 / 20:21

შსს–ს განცხადებით, 12 პირი იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ზუგდიდში პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

მომიტინგეები შაბათს საღამოს ზუგდიდის თეატრის წინ შეიკრიბნენ, სადაც ნაციონალური მოძრაობის კონფერენცია იგეგმებოდა. მათი თქმით, ისინი ქალაქში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ჩასვლას აპროტესტებდნენ. პოლიციამ დერეფანი გააკეთა თეატრისკენ კონფერენციის მონაწილეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. სამართალდამცავები საშუალებას არ აძლევდნენ მომიტინგეებს, რომ ზუგდიდის თეატრის შესასვლელს მიახლოებოდნენ.

როგორც კი ნაციონალური მოძრაობის წევრები და დელეგატები გამოჩნდნენ, მომიტინგეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ მათ, ხოლო მაშინ, როცა თეატრს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და დეპუტატები, მათ შორის áƒ¡áƒáƒžáƒ áƒ”ზიდენტო პრაიმერში მონაწილე კანდიდატები მიუახლოვდნენ, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა მომიტინგეებმა მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, რომელთა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ქვებიც იყო; ნაციონალური მოძრაობის წევრები შენობაში პოლიციელების თანხლებით შევიდნენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ხალხის მობილიზება აქციაზე ქართული ოცნების მომხრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახდინეს, რათა ზუგდიდში პრაიმერი ჩაეშალათ. ნაციონალური მოძრაობის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია იმ პირთა დადგენა, რომელთაც ეს „ქვების სროლის“ აქცია მოაწყვეს.

ეს უკვე მეოთხე რეგიონალური კონფერენცია იყო ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის ფარგლებში, რომელიც ოთხ კანდიდატს შორის დებატების ფორმატს მოიცავს; თითოეული ასეთი კონფერენციის დელეგატები დებატების შემდეგ თავიანთ სასურველ კანდიდატს აძლევენ ხმას. წინა სამი კონფერენციის მსგავსად, ზუგდიდში პრაიმერი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოიგო. კიდევ ორი კონფერენცია უნდა ჩატარდეს, და გამარჯვებული, სავარაუდოდ დავით ბაქრაძე, 27 ივლისს თბილისში დაგეგმილ კონფერენციაზე გამოცხადდება. კონფერენციის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს და ლიდერებს ადგილის დატოვება მომიტინგეების შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე მოუხდათ.      

ზუგდიდის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

„სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით – მე ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.     

შაბათს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ 12 პირი იქნა დაკავებული. ამავე ინფორმაციით, საქმე აღიძრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით, რომელიც „წვრილმან ხულიგნობას“ გულისხმობს.

Civil.Ge © 2001-2024