ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ცალკე საქმეზე კვლავ პატიმრობაში რჩება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Aug.'13 / 13:45

ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების მუხლებში.

მოსამართლემ განაჩენი ხუთშაბათს დილით გამოიტანა სასამართლო პროცესის დაწყებიდან ხუთ თვეში, რომლის დროსაც 150–ზე მეტი მოწმე დაიკითხა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალაიას ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ბრალდება მოეხსნა, იგი კვლავ რჩება პატიმრობაში áƒªáƒáƒšáƒ™áƒ” საქმესთან დაკავშირებით.

ახალაია თავდაპირველად ნოემბრის დასაწყისში დააკავეს, მას უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რაც 2011 წლის ოქტომბერში, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის საქმეს ეხებოდა.

მაშინ მას თავისუფლების უკანონო აღკვეთა დასდეს ბრალად, რაც 2011 წლის სექტემბერში ერთი ადამიანის ცემას და რამდენიმე საათით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებას მოიცავდა.

რაც შეეხება წამების ბრალდებას, რომელიც მას ნოემბრის შუა რიცხვებში წაუყენეს, ის უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის დროს 2010 წლის თებერვალში ათზე მეტი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაჰუმანური მოპყრობის საქმეს.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, რომელიც ასევე უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ.

სასამართლომ დანარჩენ ბრალდებულებსაც მთლიანად მოუხსნა ბრალდებები, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას და ყოფილი სერჟანტის ალექსანდრე გორგაძის გარდა, რომლებიც სასამართლომ დანმაშავეებად ცნო ერთ საქმეზე ჯარისკაცებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში; ორივე მათგანს სასჯელის სახით 140 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა  დაენიშნათ; თუმცა ისინი ამ სასჯელისგან გათავისუფლდნენ იმ ამნისტიის აქტის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.

პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტის შემდეგ, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ბაჩო ახალაიას ცალკე საქმეზეც ედება ბრალი, რომელიც წამების, არაჰუმანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ეხება. საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობას. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე მიმდინარეობს.

ახალაიას ასევე დაედო ბრალი  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რომელიც მოიცავდა ბრალდებებს, რომლის თანახმადაც მან 2006 წლის მარტში რამდენიმე პატიმარი ცემა, როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტს áƒ—ბილისის მე–5 საპყრობილეში ბუნტი მოყვა, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალაია უარყოფს ბრალდებებს ორივე საქმეზე, ისევე როგორც უარყოფდა ბრალდებებს იმ საქმეებზე, რომლებზეც áƒ˜áƒ¡ 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს.  

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა, ბრალდებულთა მხარდამჭერები და ოჯახის წევრები, ასევე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამ áƒ’ადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე მიიღო, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, და მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც „სამართლიანობის აღდგენას, ოღონდ დაგვიანებით“.  

შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა კალანდაძეს: „საერთოდ ეჭვი არ მეპარებოდა თავიდანვე, რომ უდანაშაულო იყავით. მე ამის შესახებ გესაუბრეთ ცხრა თვის წინაც, როდესაც აქ შევხვდით. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ცხრა თვე საქართველოს პატრიოტი, თქვენისთანა და სხვა ის ადამიანები, რომლებიც გაამართლეს დღეს, თავის დროს უნდა ხარჯავდეთ ფუჭად იმ დროს, როდესაც საქართველოს არ ყავს არც ერთი დასაკარგი კადრი“.

კალანდაძემ მადლობა გადაუხადა მოსამართლე გიორგი დარახველიძეს იმის გამო, რომ ის არ „მოექცა ზეწოლის ქვეშ“ და გამამართებელი განაჩენი გამოიტანა.

Civil.Ge © 2001-2024