საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი თანამდებობიდან მეორედ გადააყენა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Sep.'13 / 16:06

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბერს მაუწყებლობის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ბოლო ექვსი თვის მანძილზე მეორედ გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან.

პირველად სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი თანამდებობიდან მარტის დასაწყისში გაათავისუფლა, ორ თვეში მას შემდეგ, რაც იგივე საბჭომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად დანიშნა. მაშინ ბარათაშვილმა სასამართლოს გზით დაიბრუნა თანამდებობა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ იგივე საბჭომ კვლავ წამოაყენა ბარათაშვილის გადაყენების საკითხი და იგი იმაში დაადანაშაულა, რომ áƒ•áƒ”რ მიაწოდა საბჭოს საკმარისი ინფორმაცია გადაცემების აღწერილობასა áƒ“ა ბიუჯეტთან დაკავშირებით.

6 სექტემბერს 15–წევრიანი საბჭოში ამჟამად არსებულმა ცხრავე წევრმა ბარათაშვილის გადაყენებას დაუჭირა მხარი. ბარათაშვილმა საბჭოს გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ საბჭო ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ იმყოფება.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე გენერალური დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თამაზ ტყემალაძე შეასრულებს.

5 სექტემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) აღნიშეს ერთობლივ განცხადებაში, რომ „შექმნილი გაურკვევლობები უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის გაურკვევლობა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი პოლიტიკური თოქშოუს წამყვანების, ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გარშემო არსებობს.   

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კვესიტაძის „აქცენტები“ და პაიჭაძის „დიალოგი“ შესაძლოა დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელი ორივე ჟურნალისტთან აგრძელებს თანამშრომლობას და კვესიტაძემ და პაიჭაძემ,  შესაძლოა,  შემოდგომიდან ახალი თოქშოუ წაიყვანონ. ეს ორი წამყვანი ცნობილია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი ხელისუფლების მიმართ და საზოგადოების ნაწილი მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებად მიიჩნევს, ხოლო მათ მიერ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უგულვებელყოფად აღიქვამს. შესაბამისად, გადაცემების დახურვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მყარი და ობიექტური არგუმენტებით დასაბუთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი თავად მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ გააჩენს კითხვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024