პირველი არხის პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Sep.'13 / 20:53

საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე აპროტესტებენ პირველი არხიდან დათხოვნას და მათი გადაცემების დახურვას, როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას“.

არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება 17 სექტემბერს მიიღო, როგორც თავად განმარტა, ამ ორი ჟურნალისტის მიკერძოებული პოზიციის გამო.

„ჩვენ მოვიქეცით სრულიად სამართლიანად, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი შინაარსით, თავის დამოკიდებულებით, თავის  წესით,  კანონით არ მიესადაგება იმათი [კვესიტაძის და პაიჭაძის] ტონი, ისინი წარმოადგენენ მხარეს და გაღიზიანებულია მოსახლეობა“, - განაცხადა ტყემალაძემ, „რატომ უნდა ავანერვიულოთ ეს ხალხი [მაყურებელი]? არ არის ისეთი თოქ–შოუ მისაღები, რომელიც მხარეს წარმოადგენს“.

მაუწყებლობის შესახებ კანონი, საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური დებატების ორგანიზებას ავალდებულებს.

ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტები“ და თოქ-შოუ „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“, რომლებიც ივლისიდან ზაფხულის სეზონის გამო შეჩერდა, არხზე ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად აღარ განახლებულა, ისევე როგორც არ დაწყებულა რაიმე ალტერნატიული თოქ-შოუ.  

„პოლიტიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა ის, რომ სახელდობრ ის პოლიტიკური თოქ–შოუები, რომელიც მიგვყავდა ეკას და მე, არ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში“, - განაცხადა დავით პაიჭაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში კვესიტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ არხიდან მათი გაშვება უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ის მისი კუთვნილი მეცხრე არხისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ ვარიანტად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მის შეერთებას განიხილავდა. ივანიშვილმა ეს áƒ•áƒáƒ áƒ˜áƒáƒœáƒ¢áƒ˜ მალევე უარყო, ხოლო აგვისტოს ბოლოს მეცხრე არხი საერთოდ დახურა

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვესიტაძემ, „ჩვენ გუშინ ვიგებთ ამბავს, რომ [პირველ არხზე] ყოველდღიური თოქ–შოუს წამყვანი იქნება ეკა ბერიძე, ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიის მე–9 არხის წამყვანი... რა ლოგიკით ვართ ჩვენ მიკერძოებულები და ეკა ბერიძე არ იქნება მიკერძოებული? აქ ძალიან მარტივად არის საქმე: ბიძინა ივანიშვილმა, რაც თქვა ის შეასრულა, მე–9 არხის თანამშრომლები აქ გადმოიყვანა, არ შეასრულა მხოლოდ ერთი პირობა -  ტექნიკა არ მიუცია პირველი  არხისთვის“.

პაიჭაძისგან განსხვავებით, კვესიტაძე აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და ასევე გეგმავს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრას, რათა „მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება თავისუფალ მედიაზე ზეწოლა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

მანამდე კი გათავისუფლებული ჟურნალისტები 20 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს დაგეგმილი სხდომის ფარგლებში მათი დათხოვნის დასაბუთების áƒ›áƒáƒ¡áƒáƒ¡áƒ›áƒ”ნად ითხოვენ თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრას, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობას 6 სექტემბრიდან ასრულებს მას შემდეგ, რაც მაუწყებლის „ბორდმა“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა თანამდებობიდან.

ამასთან, პრესკონფერენციის  მიმდინარეობისას დაპირისპირების ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. კვესიტაძეს და პაიჭაძეს სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი პრესკონფერენციის დარბაზში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი მაუწყებლის შენობის გარეთ დაიძაბა ვითარება, სადაც გათავისუფლებული ჟურნალისტების  მომხრეები და მოწინააღმდეგეები პარალელურ აქციებს მართავდნენ.

Civil.Ge © 2001-2024