თბილისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრების განახლებას იმედოვნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Sep.'13 / 12:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები აღდგება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჩაუდგა სათავეში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება ადგილზე არსებული უსაფრთხოების საკითხები. მაშინ როცა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის, ცხინვალის, ადგილზე განთავსებული რუსული ჯარებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რეგულარულად იმართება, ამგვარი შეხვედრები აფხაზეთის მიმართულებით უკვე თითქმის წელიწადნახევარია შეჩერებულია.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები 2012 წლის მარტიდან აღარ იმართება მას შემდეგ, რაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის áƒ›áƒáƒ¨áƒ˜áƒœáƒ“ელი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. ტიშკევიჩმა ამ პოსტზე ორწლიანი მუშაობა ამ ზაფხულს დაასრულა და ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა შეცვალა, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში ადამიანური რესურსების პოლიტიკას კურირებდა.

საქართველოს შსს-მ, რომელიც წარმოდგენილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, განაცხადა, რომ „ეს ეფექტური მექანიზმია ადგილზე არსებული პრობლემების თუ სხვადასხვა ინციდენტის თავიდან აცილების და დარეგულირების კუთხით“.

„შსს ოკუპირებულ აფაზეთში და გალის რაიონში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა თუ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ წარმოებულ უკანონო ქმედებების ფაქტებს“, - განაცხადა შსს-მ.

სამინისტრომ ეს განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ გააკეთა, რომელთაც წამოწიეს გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების საკითხი იმ გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ მიიღო პასპორტიზაციის პროცესის გადახედვის თაობაზე.

Civil.Ge © 2001-2024