ყველაზე სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და 7%-ით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად. ივნისში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად 29% უჭერდა მხარს; ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ წარსადგენ კანდიდატს - 10%, ხოლო პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს - 5%. მაშინ როცა უკანასკნელი კვლევის მიხედვით, პირველ სამეულში შესული კანდიდატები დაახლოებით ორჯერ უსწრებენ ერთმანეთს რეიტინგებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 22%-ს შეადგენს; ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს 3-3% ისურვებდა საქართველოს პრეზიდენტად, ხოლო სხვა კანდიდატებზე არჩევანს 4% აკეთებს; 4% კი აცხადებს, რომ არცერთს არ დაუჭერს მხარს. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით +/- 2%-ის ცდომილების მქონე კვლევა 18 აგვისტოდან-3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 3 838 რესპოდენტი გამოიკითხა ქვეყნის მასშტაბით. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს. გამოკითხვის თანახმად, ქართულ ოცნებას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პარტიად 50% ასახელებს; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა 12%-ით - ორივე მონაცემი სტატისტიკურად უცვლელია ივნისის კვლევასთან შედარებით. 4%-მდეა გაზრდილი ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მხარდაჭერა ივნისში არსებული 1%-დან. მართალია ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად რესპოდენტები კვლავ ნაციონალურ მოძრაობას ასახელებენ, მაგრამ ივნისთან შედარებით 42%-მდეა 5 პროცენტული პუნქტით დაკლებული მათი ოდენობა, ვინც ამგვარად ფიქრობს. მეორე ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 8% ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ ასახელებს - ივნისში ასე 4% ფიქრობდა; 5% კი ამგვარ ოპოზიციად ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს. კვლევა ასევე მოიცავს გამოკითხვას თუ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ 43-კაციან სიაში ჩამოთვლილი ფიგურები, რომელთა შორისაც პირველ ადგილზეა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გამოკითხულთა 94%-ს მოსწონთ. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ივნისის მსგავსად, 69%-იანი მოწონება აქვს. ის მარტში 75%-ს, ხოლო ნოემბერში 80% მოწონდა. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას რესპოდენტთა 54% „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს, რაც სტატისტიკურად უცვლელი მონაცემია ივნისის კვლევასთან შედარებით. მეორე ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი 60%-იანი მოწონებით კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, რომლის საქმიანობასაც დადებითად 31% აფასებს, ნაცვლად ივნისში არსებული 36%-სა. მოწონების 56%-იანი მაჩვენებლით მესამე ადგილზე დაწინაურდა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ივნისში 45%-ს მოწონდა. საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე კვლავ ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ფიგურად რჩება ივნისთან შედარებით სტატისტიკურად უცვლელი 49%-ით. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მეორე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია, რომლის მოწონებაც ივნისში არსებული 32%-დან 36%-მდე გაიზარდა; შემდეგ მოდიან სალომე ზურაბიშვილი 34%-ით (ივნისში 38%), შალვა ნათელაშვილი ასევე 34%-ით და ნინო ბურჯანაძე 33%-ით (ივნისში 21%). 31%-მდეა შემცირებული ივნისში არსებული 42%-დან პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის მოწონება მას შემდეგ, რაც მან ქართული ოცნება დატოვა და არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა. მინისტრების რეიტინგებში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც 49% აფასებს დადებითად ივნისში არსებული 43%-ის ნაცვლად; შემდეგ მოდიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025