მოსამართლის თქმით, ახალაიას საქმეზე პროკურორები სასამართლო პროცესს აჭიანურებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'13 / 18:38

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეს უძღვება, ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და პროკურორის მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დღედ 17 ოქტომბერი გამოაცხადა.

მიმდინარე პროცესი 2006 წლის მარტის ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას ეხება. ბრალდების თანახმად, ახალაიამ, რომელიც  მაშინ  სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარი სცემა, რასაც თბილისის მე–5 საპყრობილეში ბუნტი მოყვა; შედეგად კი შვიდი პატიმარი დაიღუპა.

ახალაიას მიმართ ორ ცალკე საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა.

ერთ საქმეზე áƒ˜áƒ’ი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

მეორე პროცესი მიმდინარეობდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წამების, არაადამიანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტებას ეხება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ.  13 აგვისტოს ეს პროცესი გადაიდო განაჩენის გამოტანის მიზნით, თუმცა ამ საქმეზე მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

მესამე პროცესი, რომელიც ციხის ბუნტის საქმეს მოიცავს, უკვე დიდი ხანია საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა, როდესაც ბრალდების და დაცვის მხარეებმა თავიანთი დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოადგინონ; მაგრამ პროცესის ეს ეტაპი უკვე რამდენჯერმე გადაიდო. 17 სექტემბერს, როდესაც პროკურორ რეზო ნადოის დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოედგინა, იგი პროცესზე არ გამოცხადდა, რისთვისაც იგი მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, პროკურატურამ ამის მიზეზად ნადოის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და საქმე სხვა პროკურორს გადასცა, რომელმაც მოსამართლეს დამატებითი დრო მოსთხოვა საქმის მასალების გასაცნობად.

მაგრამ 7 ოქტომბერს, როდესაც ახალ პროკურორს ია დარჯანიას დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოედგინა, მან თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა; ამის მიზეზად მან ახალაიას მეუღლესთან „საერთო სამეგობრო წრე“ დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც მასზე ხდება „ფსიქოლოგიურ ზეწოლა“  და ამის áƒ’ამო ის „ვერ იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“.

ბაჩო ახალაიამ უთხრა მოსამართლეს, რომ პროკურორის მიერ დასახელებული მიზეზი მხოლოდ საბაბია პროცესის შემდგომი გაჭიანურებისთვის; ახალაიამ ივარაუდა, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს და სურს მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რათა გამამართლებელი განაჩენი არ გამოცხადდეს, რაც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დარტყმა იქნება როგორც პროკურატურისთვის, ისე მთავრობისთვის.

ახალმა პროკურორმა ლევან ადეიშვილმა, რომელმაც დარჯანია შეცვალა, 15 დღე სთხოვა მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 10 დღე მისცა ახალ პროკურორს და გააფრთხილა, რომ 17 ოქტომბრის იქით მოსმენას აღარ გადაწევდა.        

„ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი უპასუხისმგებლობა ქცევა სწორედაც ემსახურება პროცესის გაჭიანურებას“, –  განაცხადა მოსამართლემ და მიმართა ახალ პროკურორს: „იმედი მაქვს, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებიც ხელს შეგიწყობთ, რომ დადგენილ ვადაში გაეცნოთ საქმის მასალებს“.

 

Civil.Ge © 2001-2024