ივანიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები არის მთავრობის მუშაობის შემფასებელი რეფერენდუმი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Oct.'13 / 12:14

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები არის „რეფერენდუმი“ მისი ხელისუფლების ერთწლიანი მუშაობის შესაფასებლად, რომელშიც, ის ელის, რომ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დაახლოებით 60%-ით პირველივე ტურში გაიმარჯვებს და თუ ეს ასე არ მოხდა, ის ურჩევს მარგველაშვილს მეორე ტურში გამოეთიშოს არჩევნებს.

„გარდა იმისა რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი... გარდა ამისა [ეს არჩევნები] ძალიან მნიშვნელოვანია კოალიციისთვის, მთავრობისთვის, რადგან ერთი წელი გადის ახალი მთავრობის არჩევის შემდგომ და თავისთავად ეს არჩევნები შეიძლება რეფერენდუმადაც ჩავთვალოთ მთავრობის მუშაობის შეფასების. ეს იქნება რეალური შეფასება... მე პირადად და ჩვენი მთავრობა ამ არჩევნებს ვღებულობთ ისე როგორც რეფერენდუმის მსგავს შეფასებას ერთი წლის თავზე ჩვენი მოღვაწეობის“, - განაცხადა ივანიშვილმა გაზეთების და რადიოების ხელმძღვანელებთან 17 ოქტომბერს áƒ¡áƒáƒ¢áƒ”ლევიზიო შეხვედრაზე.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში „ვალდებულების გრძობის“ გამო მოვიდა და ასეთივე განწყობა აქვს გიორგი მარგველაშვილსაც, რადგან  თვლის, რომ მას „შეუძლია“ და სურს, რომ მოემსახუროს საკუთარ ქვეყანას.  

„თუ საზოგადოება ამას საეჭვოდ მიიჩნევს, რომ თურმე არც ისე შეგვიძლია... მაშინ მე თამამად მოვიხსნი ამ ვალდებულებას. ორი წლის განმავლობაში ავად გახდომის უფლება არ მიმიცია ჩემი თავისთვის... უფლება არ მქონდა ავად გავმხდარიყავი, თავი გავწირე, დღე და ღამე ვმუშაობდი. მაგრამ თუ ამას საზოგადოება სხვანაირად შეაფასებს [არჩევნებზე], მე რა თქმა უნდა,  დიდი ტვირთი მომეხსნება და რა თქმა უნდა, მე თავს არავის არ მოვახვევ ჩემს სამსახურს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ მეორე ტური გახდება საჭირო, ის „ურჩევს“ გიორგი მარგველაშვილს, რომ აღარ განაგრძოს ბრძოლა პრეზიდენტობისთვის.

„მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ. გიორგი შეიძლება სხვანაირად მოიქცეს, მაგრამ მე გიორგის ვიცნობ. ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ მივიღებდი მონაწილეობას მე მეორე ტურში, თუ საეჭვოდ მიიჩნევს ხალხი იმას, რაც მე მგონია, რომ გულწრფელად ვაკეთებ, მაქვს ვალდებულება და შესაძლებლობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩემი გადმოსახედიდან არ უნდა მიიღოს გიორგიმ მეორე ტურში მონაწილეობა, თუმცა მისი გადასაწყვეტია  და კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის გიორგი ის კაცი, რომ რამე თავზე მოახვიო. გიორგის შეუძლია, რომ მხოლოდ საღი აზრი გაიზიაროს“, - დასძინა მან.

მისი თქმით, არის საზოგადოების „მცირე ნაწილი“, რომელიც ოცნებობს, რომ „მე წავიდე“ ხელისუფლებიდან და რომელთაც „ენატრებათ მიშა“.

„თუ იქნა მეორე ტური, აგერ ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად მიშას წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ, ძველი ტაშ-ფანდურა გექნებათ ისევ“, - განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ სცენარის ალბათობა მინიმალურია.

„ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და ბაქრაძე ოდნავ უსწრებს ნინო ბურჯანაძეს. ხოდა აგერ მეორე ტურიც ბაქრაძე და ბურჯანაძე და ღმერთმა მოახმაროს მათ, თუ ასე მოხდა, მაგრამ მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო აბსოლუტურად უდიდეს ნაწილს მოსახლეობის და ისინი არ იმსახურებენ ამას. ასეთ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, თეორიული ამის ალბათობა არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა გავეცალოთ ჩვენ“, - განაცხადა მან.

თუმცა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტური "პრაქტიკულად შეუძლებელია" და გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის "შეურაცხმყოფელი“ იქნება ისიც, თუ მარგველაშვილი ხმათა 60%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„ის 20 წელიწადი, რომელიც მე მინდა ენთუზიაზმით, მთელი  ჩემი შესაძლებლობები ჩემს ქვეყნას მოვახმარო, ცოტა ენთუზიაზმი დაბალი მექნება, თუ 60%-ზე ნაკლები მიიღო გიორგიმ პირველსავე ტურში“, - განაცხადა მან, „მე, რა თქმა უნდა, ჩემს გასაკეთებელს გავაგრძელებ და  გავაკეთებ, მაგრამ ენთუზიაზმი მექნება უფრო ნაკლები, რამეთუ 50 პლიუს ერთი ან 50.1% არ იქნება იგივე ჩემთვის, რაც რეალისტურია, რომ 60%-ზე მეტი ხმები უნდა მოგროვდეს“.

მან მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ ამ შედეგის მისაღებად „მაქსიმალურად“ იაქტიურონ და არჩევნებზე „ყველანი“ მოვიდნენ.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის თავს არიდებს მარგველაშვილის მთავარი კონკურენტების დავით ბაქრაძისა და ნინო ბურჯანაძის კრიტიკას, რადგან „არჩევნები წავიდეს დაბალანსებულად“. 

მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის ისიც გასაგებია, რომ 1-2%-იანი მხარდაჭერა დარჩათ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც, მისი áƒ—ქმით,  „მუდამ ეჭირა ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია და მოღალატის ეტალონს გავს“ და ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს, რომელიც „20 წელია გვატყუებს და ლამის მასხარა გახდა“.  

Civil.Ge © 2001-2024