![]() |
|||
ცესკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე, მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე უნდა მიმართოს წერილობით ცესკოს კანდიდატურის მოსახსნელად. „ასეთ შემთხვევაში მეორე ტურში გასული კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში ვეღარ მოხვდება, სადაც დარჩება მხოლოდ მისი პოტენციური კონკურენტი, რომელიც იქნება მეორე ტურში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი და მისი გაპრეზიდენტებისთვის 1 ხმაც საკმარისი იქნება“, - განუცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა Civil.ge-ს 19 ოქტომბერს. მისი თქმით, თუ მეორე ტურამდე 10 დღით ადრე კანდიდატი ოფიციალურად არ აცნობებს ცესკოს და მხოლოდ ზეპირად განაცხადებს იმის შესახებ, რომ კანდიდატურა მოხსნა, ის მაინც იქნება წარმოდგენილი კონკურენტ კანდიდატთან ერთად საარჩევნო ბიულეტენში და არჩევნები მიღებული ხმების საფუძველზე შეჯამდება, კერძოდ კი მოიგებს ის, ვინც ამ ორი კანდიდატიდან მეტ ხმას დააგროვებს. ცესკოში ეს განმარტებები ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადების ფონზე გაკეთდა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, აღარ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტობისთვის და გამოეთიშება მარათონს. კანონმდებლობის თანახმად, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტს ანუ 50% პლიუს ერთ ხმას დააგროვებს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხოლო თუ მათ თაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025