პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პროგრესს მიესალმებიან და შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ აფრთხილებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Oct.'13 / 18:03


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი; საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრის კერძო რეზიდენციის áƒ”ზოში, თბილისი 23 ოქტომბერი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, თუმცა შერჩევითი სამართლის და, როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინის შეცდომების გამეორების წინააღმდეგ გააფრთხილეს.
 
შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი, რომლებიც 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორები იყვნენ,  თბილისში სამშაბათს საღამოს ჩამოვიდნენ იმ ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავდა ვიზიტებს მოლდოვასა და უკრაინაში.
 
ვიზიტი საქართველოში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა.
 
სამშაბათს საღამოს პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ.
 
„მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსთან მიმართებაში“, – დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა თავის Twitter-ის გვერდზე სააკაშვილის შესახებ.  
 
ოთხშაბათს დილით ორი მინისტრი პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა მიიღო საკუთარ რეზიდენციაში. 
 
„ვდგავარ რა ამ საოცარ ადგილას თქვენი მშვენიერი ქალაქის თავზე, მე ვაცნობიერებ ამ არაჩვეულებრივ მომენტს. მე ვდგავარ იმ კაცის გვერდით, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა დატოვოს პრემიერ–მინისტრის პოსტი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა პოლიტიკაში“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ივანიშვილის რეზიდენციის ეზოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
 
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემები ევროკავშირში ინტეგრაცია და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, მათ აინტერესებდათ არჩევნების შემდგომი პერიოდი და შეიძლება უფრო მეტადაც აინტერესებდათ, კიდევ ერთჯერ გადაამოწმეს რას ვაპირებ მე პირადად, როგორ ვხედავ სიტუაციას იმის შემდგომ, იქნება თუ არა სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში“.   

„მე მგონია, რომ მე მოვახერხე დარწმუნება მათი. სიტუაცია იქნება საკმაოდ სტაბილური, თუმცა გარკვეული ეჭვები მათ რჩებათ, ეს ნორმალურიცაა, რამეთუ ორი გამოკვეთილი ლიდერი პრაქტიკულად ერთდროულად ტოვებს პოლიტიკას“, – განაცხადა ივანიშვილმა. მას საკუთარი თავი და სააკაშვილი ჰყავდა მხედველობაში მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს არასდროს უსაუბრია საკუთარ განზრახვაზე მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ  პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ნაციონალური მოძრაობის ბოლო ყრილობაზე სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს.
  
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 17 ნოემბერს დაგეგმილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციიდან „დაახლოებით ერთ კვირაში“ ის დატოვებს თავის პოსტს – ეს თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რადგანაც თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში შეიცვლება.
 
თავის გახსნით სიტყვაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა იმ „წუხილების“ შესახებაც ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც კოალიცია ქართული ოცნება „სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს და რომელსაც სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს.
 
„მათ აქვთ წუხილი და განცდა იმისა, რომ არ გაგრძელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს, რომ არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები, რაშიც მე მათ ვეთანხმები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
 
„თქვენ იცით, რომ მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და დღესაც შემიძლია გავიმეორეო, რომ არ არის ეს ჩემი ინტერესი, რომ ჩვენ მუდამ ვიყურებოდეთ წარსულში, რომ მხოლოდ სასჯელზე ვფიქრობდეთ. ჩვენი მიზანია, რომ მთელი საქართველო გავერთიანდეთ და დავაჩქაროთ სწრაფვა პროგრესისაკენ, დავაჩქაროთ სწრაფვა ევროპისაკენ. და ამ მხრივ ჩვენი ხედვები აბსოლუტურად ერთმანეთს დაემთხვა“.   

„და ის განცდა, რომ უკან  ყურებით ჩვენ ამ ტემპებს დავკარგავთ და არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები დიდხანს და ჩვენ საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ სწრაფად  დავბალანსდეთ, სწრაფად დავივიწყოთ წარსული, ცუდი წარსული, მითუმეტეს და  უფრო მეტი ვიყუროთ წინ, რომ მშენებლობა გავაგრძელოთ, ამაში ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად თანხვედრა და ჩვენ ერთნაირად სამივენი ვფიქრობთ და მე მათ ვეთანხმები, რომ რა თქმა უნდა, ესე უნდა იყოს, რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ ჩვენ გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ და ჩავიცხროთ აგრესია, უნდა მოვახერხოთ გავერთიანდეთ და უნდა მოვახერხოთ წინ ვიყუროთ და მშენებლობით მოვახერხოთ ევროპისკენ წინსვლა“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

თუმცა მან ასევე დასძინა: „თუმცაღა, ისეც არ გაიგოთ, რომ რაიმე გარანტიები ან პირობები დავდე. მე კარგად ავუხსენი კიდევ მათ სიტუაცია, სხვაობა ჩვენს ხედვებში, დავაფიქსირე ესეც, სხვაობა გახლავთ მხოლოდ ერთში, რომ მათ იციან ნაკლებად ჩვენი შიდა სიტუაცია და ეს ნორმალურიცაა“.

„ვცდილობდით, რომ გვეჩვენებინა არ არის ასე მარტივად და რომ არის რაღაც სამართლიანობის აღდგენის განცდა საზოგადოებაში, რომელიც დავიყვანოთ მინიმუმამდე და დავამთავროთ სწრაფად რაც შეიძლება, ამაში შევთანხმდით“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

„მრავალჯერ მითქვამს საზოგადოებისთვის და დღესაც გავიმეორებ, რომ ჩვენ ნაკლები ვიყუროთ უკან, უფრო მეტი მივმართოთ და ვიყუროთ წინ, ნაკლები გვქონდეს ჩვენ აგრესია და შურისძიების განცდა, უფრო მეტი გვქონდეს პატიების, შერიგების, გაერთიანების, თანადგომის და ამ მხრივ, ჩვენი სწრაფვა დავაჩქაროთ პროგრესისაკენ, ევროპისაკენ და ევროატლანტიკური სივრცისაკენ“, – დასძინა მან.
 
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია თავის ევროპულ გზაზე და ახლა ის ვილნიუსის სამიტისკენ მიემართება, რათა მოლდოვასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინოს, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
 
„ამით იწყება ახალი თავის გახსნა თქვენი ქვეყნის განვითარებაში... მაგრამ ეს მხოლოდ ეტაპის დასაწყისია“, – განაცხადა ბილდტმა და დასძინა, რომ ამას მოყვება ხელმოწერის, რატიფიკაციის და განხორციელების ეტაპები.
 
„ევროპას თქვენზე ეჭირება თვალი და როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ ზოგიერთი  წუხილები განვიხილეთ, რათა თქვენ აღარ გაიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც სხვებმა დაუშვეს, კერძოდ უკრაინამ“, – განაცხადა ბილდტმა და ხაზი გაუსვა ქვეყნის შემდგომი წინსვლის საჭიროებას.
 
„თქვენ იცით, რაც შეემთხვა უკრაინას“, – განაცხადა მან. „მათ დაიწყეს მოლაპარაკებები [ასოცირების შესახებ] ხელშეკრულებაზე რაღაც პერიოდის წინ. შემდეგ მათ დააპატიმრეს [ყოფილი პრემიერ–მინისტრი] იულია ტიმოშენკო იმ ბრალდებებით, რომლებიც მთლიანად გამოგონილი იყო. შედეგად, ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის თემა. მოახერხებს თუ არა უკრაინა ხელმოწერას, ევროკავშირის პირობების დაკმაყოფილებას ვილნიუსში კვლავ ღია საკითხად რჩება. და მხოლოდ ეს არ იყო – რამდენიმე სხვა პირიც იქნა დაკავებული; ეს სხვები ახლა გარეთ არიან, იულია კი კვლაც იქ რჩება. ასევე არსებობდა წუხილები უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის ასპექტებთან დაკავშირებით“.
 
„თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ წარმატებებიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვების შეცდომებზეც ისწავლოთ“, – დასძინა მან.
 
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ „საქართველო ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მიაღწევს მომდევნო თვის ბოლოს და თუ ეს მოხდება, თქვენ შეძლებთ შეთანხმებას მომავალ წელს მოაწეროთ ხელი“.
 
„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ–მინისტრს, როდესაც ის ამბობს, რომ საჭიროა ქვეყანა ერთიანი იყოს, რომ ვენდეტა ევროპული საზოგადოების შემადგენელი არ არის. მე მხოლოდ დავამატებდი, რომ ოპოზიცია დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მან.
 
„ყველაზე უკეთესი, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რათა ხელი მოაწეროს და შემდეგ განახორციელოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, არის განაგრძოს მოდერნიზება და თავიდან აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის როგორც არსი, ისე მისი გამოვლენა“, – დასძინა შიკორსკიმ.
 
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ეს ნორმალური საარჩევნო კამპანიაა, რომელიც, როგორც ჩანს, შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელსაც ჩვენ უფლება გვაქვს ველოდოთ საქართველოსგან და ესეც უნდა მივულოცოთ ქვეყანას“.
 
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესმა საქართველოში „ჯერჯერობით დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტები; ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება“.
 
„ვიმედოვნებ, რომ საქართველო კვლავაც იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს შევძლებთ მივესალმოთ საქართველოს სრულ ასოცირებას ევროკავშირთან“, – განაცხადა შიკორსკიმ.
 
„საქართველოს წარმატების ისტორიის შექმნა, საქართველოს დემოკრატიულ, ევროპასთან ასოცირებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ვფიქრობ,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საუკეთესო გზაა - ეს არის ის, რასაც პოლონეთიც და ევროკავშირიც პრინციპულად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

Civil.Ge © 2001-2024