ბაჩო ახალაიას ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Oct.'13 / 17:49

ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით გასული წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 25 ოქტომბერს პროკურატურამ  კიდევ ერთი ბრალი წაუყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

კერძოდ, მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნაში. მაშინ ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და პროკურატურის თქმით, ამ პირებს „უკანონო“ შეღავათები და განსაკუთრებული პირობები მისი ბრძანებით დაუწესდა. პროკურატურის განცხადებით, ამგვარ პირობებს მსჯავრდებულებს ბაჩო ახალაიას ძმა, შსს-ის მაშინდელი კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია დაპირდა.

ძებნაში მყოფი დათა ახალაია გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ასევე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, როგორც სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების „შემკვეთი“. ამ საქმეში სხვა პირებთან ერთად áƒ‘რალდებულია ასევე  áƒ§áƒáƒ¤áƒ˜áƒšáƒ˜ შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი.

ბაჩო ახალაიასათვის დამატებითი ბრალის წარდგენა სამი დღით უსწრებს სასამართლო სხდომას, რომელზეც 28 ოქტომბერს 2006 წლის ციხის ბუნტთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე განაჩენის გამოტანა იგეგმება.

ამას გარდა, ახალაიას მიმართ ორ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც გაიმართა სასამართლო პროცესები.

ერთ საქმეზე იგი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

მეორე პროცესი მიმდინარეობდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წამების, არაადამიანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტებას ეხება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ.  სხვა ბრალდებების მსგავსად, ახალაია აქაც უდანაშაულოდ თვლის თავს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე შეეცადა, რომ ჯარისკაცების სამხედრო წვრთნა არაჰუმანურ მოპყრობად წარმოეჩინა. 13 აგვისტოს ეს პროცესი გადაიდო განაჩენის გამოსატანად, რომელიც მოსამართლეს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

Civil.Ge © 2001-2024