მომავალ პრემიერ–მინისტრად ღარიბაშვილი დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'13 / 15:16


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, 19 მაისი 2013 წელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტო.

31წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად დასახელდა, რომელიც ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილს შეცვლის მას შემდეგ, რაც ის მიმდინარე თვეში თავის პოსტს დატოვებს.

ივანიშვილმა ღარიბაშვილის წარდგენის შესახებ განცხადება 2 ნოემბერს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სანამ 2012 წლის ოქტომბერში ივანიშვილის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდებოდა, ღარიბაშვილის რვაწლიანი სამუშაო კარიერა (პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთწლიანი სტაჟირების გარეშე) უკავშირდებოდა ივანიშვილთან და მის ოჯახთან ასოცირებულ კომპანიებში მუშაობას.

იგი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა, სანამ 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილთან ერთად პოლიტიკაში მოვიდოდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და ამავე სპეციალობაზე განაგრძო სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 

ღარიბაშვილმა წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ კოალიციას გამოცხადებული ნდობისათვის.

„დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, რომ მომეცა საშუალება ვემსახუორ ჩვენს ქვეყანას თქვენთან ერთად“, - მიმართა მან მის გვერდით მდგომ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს, „ეს იყო ძალიან დიდი  ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა“.

„მე გვპირდებით ყველას, ვპირდები მოსახლეობას, გპირდებით თქვენ, ვპირდები კოალიციას, ვპირდები მთავრობას, რომ გავაკეთებ  ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენს მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელო.  მე ვპირდები მოსახლეობას, ვპირდები ქვეყანას, რომ გავაგრძელებ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ მშენებლობის გზას, მის პოლიტიკას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა „ერთსულოვნად“ დაუჭირეს მხარი და „ოვაციებით“ შეხვდნენ ღარიბაშვილის დასახელებას, რომელმაც „საოცრება მოახერხა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და „ევროპული“ ტიპის, „საამაყო“ პოლიცია შექმნა.

„რა თქმა უნდა, ლომის წილი ამაში მიუძღვის ირაკლი ღარიბაშვილს და მან აჩვენა, რომ ის იმსახურებს და არ არის შემთხვევითი პრემიერ-მინისტრის პოსტის გადაცემა ირაკლიზე“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა: „დარწმუნებული ვარ, ის იქნება ღირსეული პრემიერ-მინისტრი“.

17 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც საგრძნობლად ზრდის პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელ უფლებამოსილებებს პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე.

„ახალი კონსტიტუციით უმაღლესი ხელისუფალი იქნება პრემიერი“, - განაცხადა ივანიშვილმა, „პრემიერს ექნება ყველაზე დიდი ძალაუფლება... ქვეყნის პირველი პირი იქნება პრემიერ-მინისტრი“.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ მთავრობა მოიხსნის უფლებამოსილებას, საიდანაც 7 დღეში ახალი პრეზიდენტი წამოაყენებს ფორმალურად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატურას - ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ასევე 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტს მაქსიმუმ 7 დღე აქვს იმისათვის, რომ მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 76 ხმით გამოუცხადოს ნდობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის ირგვლივ კონსულტაციები გაგრძელდება და იქვე დასძინა, რომ ალბათ „დიდი ცვლილებები ჩვენ არ გველოდება“ მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, განსხვავებით მთავრობის დამტკიცების მარტივი პროცედურისგან, ძალიან გართულებულია პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადება, რაზეც საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი პროცედურების გავლა ესაჭიროება პარლამენტს. უნდობლობის ვოტუმის პროცედურა, შესაძლოა პარლამენტის დაშლითაც დასრულდეს. 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს  „ღირსეული“ მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი ეყოლება.

„გვეყოლება 17 ნოემბრის შემდეგ ძალიან წარმატებული და ძალიან საამაყო ხელისუფლება. საქართველოს საზოგადოებას შეუძლია იამაყოს საკუთარი ხელისუფლებით. ასეთ ხელისუფლებას ვტოვებ და გადავდივარ საზოგადოებაში“, - განაცხადა მან. 

Civil.Ge © 2001-2024