მინარეთის ხელახლა აღმართვამდე რამდენიმე საათით ადრე სოფლის მუსლიმმა თემმა 27 ნოემბერს ადგილობრივი საკრებულოსგან შესაბამისი ნებართვა მიიღო. „ორ თვეზე მეტია ვმუშაობთ კანონმდებლებთან ერთად; როდესაც საკანონმდებლო ბაზა მოგვარდება, გვინდა რომ ყველა მეჩეთი დავარეგისტრიროთ“, – განუცხადა მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებს სოფელ ჭელაში.
ჭელაში მინარეთი 2013 წლის ივლისში აღმართეს. 20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რის გამოც იმ მიწის მეპატრონე, სადაც მინარეთი აღიმართა, 200 ლარით დააჯარიმა და მასვე დაევალა ნაგებობის დემონტაჟი. 26 აგვისტოს, როცა პოლიცია შევიდა სოფელში და ხელისუფლებამ მინარეთის დემონტაჟი დაიწყო ადგილობრივ მუსლიმებთან შეხლა-შემოხლის ფონზე, ჩაითვალა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ. თუმცა დემონტაჟის უკან ფორმალურად იდგა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც ივლისში საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025