მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს „აბსურდულს“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Dec.'13 / 16:14

მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მის წინააღმდეგ მუქარის თაობაზე  „აბსურდული“ უწოდა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა. მერაბიშვილის თქმით, მისი და ფარცხალაძის საუბარი შედგა სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც მისი თქმით, ის შაბათს ღამის დაახლოებით 1:30-ზე მიიყვანეს ციხიდან.

ამ ბრალდებიდან ცოტა ხანში პროკურატურის მიერ 17 დეკემბერს áƒ’ავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უარყოფს რაიმე ზეწოლას მერაბიშვილზე, კონკრეტულად არ არის აღნიშნული შედგა თუ არა მართლაც მსგავსი შეხვედრა.

„მერაბიშვილის განცხადება არის სრულიად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ პირზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და ხაზს უსვამს - მას შემდეგ, რაც ი.მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„ასეთ ქმედებას  ადგილი ჰქონდა ი.მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც,  რომლის დროსაც  ბრალდების მხარის მოწმის რ. სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში, „ასევე პროცესის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა რ.სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში“.

მთავარი პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ ბოლო დროს ზურაბ ჟვანიას საქმეზე გახშირებული „სპეკულირების ფაქტები“ უკავშირდება „საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას და ამ საქმესთან დაკავშირებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს“. 

„ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ და სხვა საქმეებზე ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და  განუხრელად გააგრძელებს მისთვის კანონით დაკისრებული  ვალდებულების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024