სახალხო დამცველი მერაბიშვილის განცხადების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'13 / 12:13

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მას პირადად დაემუქრა მთავარი პროკურორი, რათა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მისგან ჩვენება მიეღო და ასევე დახმარებოდა გამოძიებას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, 18 დეკემბრის საღამოს ციხეში მოინახულა.

ნანუაშვილმა ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მერაბიშვილისგან საათნახევრიანი შეხვედრის დროს დეტალური ინფორმაცია მიიღო მის ბრალდებებთან დაკავშირებით.

„აუცილებელი არის გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს“, - განაცხადა ნანუაშვილმა, „და რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი, მე ვფიქრობ, შესაძლოა ამან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გამოიწვიოს. ნებისმიერი მსგავსი განცხადება ზეწოლის შესახებ აუცილებელია რომ გაგრძელდეს და რეალურად გამოძიების სახე მიიღოს. სხვა შემთხვევაში მან შეიძლება უფრო მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვიოს  საზოგადოებაში, თუ რატომ არ ხდება მსგავს განცხადებაზე რეაგირება“.

მერაბიშვილმა 17 დეკემბერს ქუთაისში მისი საქმის სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ 14 დეკემბერს ღამის დაახლოებით 1:30 საათზე ის საკნიდან გაიყვანეს, თავზე მისივე მოსაცმელი გადაახურეს და მისი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს. მერაბიშვილის თქმით, სწორედ იქ შედგა მისი შეხვედრა მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან. 

მართალია ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადეს, რომ ისინი აბსოლუტურად დარწმუნებული არიან, რომ მერაბიშვილის განცხადება ყალბია, მაგრამ გამოძიება მაინც უნდა ჩატარდეს. თუმცა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გამოძიება საჭირო არ არის, რადგანაც თავად ბრალდება „არასერიოზულია“.

Civil.Ge © 2001-2024