საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ხელმეორედ აღადგინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'13 / 15:47

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი 2013 წლის განმავლობაში უკვე მეორედ აღადგინა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ მას უნდობლობა ასევე ორჯერ გამოუცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს, რომელიც კონკურსის საფუძველზე თავად აირჩია გენერალურ დირექტორად 6 წლის ვადით 2012 წლის დეკემბერში, პირველად უნდობლობა მარტში გამოუცხადა, თუმცა სასამართლომ ის თანამდებობაზე აპრილში აღადგინა.

მეორედ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან 30 აგვისტოს გადააყენა, რაც ბარათაშვილმა კიდევ ერთხელ გაასაჩივრა სასამართლოში.

„30 აგვისტოს სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი დაესვა საკითხი გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის ხელმეორედ გამოცხადების თაობაზე, ვინაიდან კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის გასვლას [4 მარტიდან, როცა ის პირველად გაათავისუფლეს თანამდებობიდან] აკლდა ხუთი დღე“, - განაცხადა საქალაქო სასამართლომ 20 დეკემბერს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი ბარათაშვილი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თანამდებობაზე და მიიღოს „იძულებით განაცდური“ სახელფასო ანაზღაურება.

იმავდროულად, პარლამენტი გეგმავს მიმდინარე თვეში დაამტკიცოს სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომლის ფორმირების პროცესიც მას შემდეგ დაჩქარდა, რაც არსებული სამეურვეო საბჭო ოქტომბრის დასაწყისში ქმედუუნარო გახდა.

9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის განაცხადით პარლამენტს თავდაპირველად 68 კანდიდატმა მიმართა, თუმცა მათი რაოდენობასპეციალურმა საკონკურსო კომისიამ  შეამცირა 35 კანდიდატამდე. კომისია საჯარო გასაუბრების შედეგად საბოლოოდ ამ კანდიდატებიდან 27-ს გაუწევს რეკომენდაციას.

ამ კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი, სამს -  საპარლამენტო უმრავლესობა, სამს  - უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთან არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად, რისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდება სრული 9 წევრით, მაშინ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

Civil.Ge © 2001-2024