სახალხო დამცველი „მეტი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს სუროგაციაზე პატრიარქის ეპისტოლეში გამოთქმული პოზიციის გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jan.'14 / 15:39

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „მნიშვნელოვანი რისკის შემცველს“ უწოდებს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ პოზიციას სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვების შესახებ.

ეპისტოლეში ილია მეორემ განაცხადა: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის“. ეპისტოლეში ასევე ნათქვამია: „პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ“.

„მსგავსი ტიპის განცხადებებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ საზოგადოებაში დისკრიმინაციული შეხედულებების ჩამოყალიბებას და მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებას, რამაც შესაძლოა მომავალში მათი სტიგმატიზაცია და საზოგადოებიდან გარიყვა გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უჩა ნანუაშვილმა თავის facebook-ის გვერდზე 8 იანვარს გაავრცელა.

„გასათვალისწინებელია იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც ემზადებიან ან უკვე ჰყავთ ბავშვი სუროგაციისა თუ ხელოვნული განაყოფიერების შედეგად. სამწუხაროა, რომ ტექსტის ავტორმა ვერ გაითვალისწინა მათი ინტერესები და ის ტკივილი, რომელიც ამ განცხადებით მიადგებოდა უამრავ ადამიანს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

„ვფიქრობ, ეკლესიის მიერ ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს, მეტი სიფრთხილეა საჭირო“, - დასძენს ნანუაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 8 იანვარს სუროგაციაზე ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა, რომ ექსპერტებს, რომელთაც პატრიარქს ამგვარი პოზიცია ჩამოუყალიბეს, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გაეკეთებინათ. 

„ის ექსპერტები, ვინც აი ეს რეკომენდაცია, აი ეს ანალიზი მიაწოდა პატრიარქს, ალბათ, ვალდებულები იყვნენ უფრო ღრმად ჩაეხედათ საკითხში და უფრო ყოვლისმომცველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ ასეთი ფაქიზი თემის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ სუროგაციის საკითხში სახელმწიფო იმდენად არის ჩართული, რამდენადაც ამ კუთხით ძირითადი წესების განსაზღვრას სჭირდება.

Civil.Ge © 2001-2024