ბაჩო ახალაიას დამატებითი ბრალდებები წარედგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jan.'14 / 14:48

ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მთავარმა პროკურატურამ 12 იანვარს დამატებითი ბრალდებები წაუყენა პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების საქმეზე, რომელსაც, პროკურატურის განცხადებით, დაახლოებით შვიდი წლის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს ჰქონდა ადგილი.

გამოძიების ინფორმაციით, რუსთავის საპატიმროში მყოფ პატიმარ გია გორგაძეს მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო ციხიდან გაქცევაზე შეთავაზება და ამის შესახებ ციხის ადმინისტრაციას შეატყობინა, უშუალოდ დაუკავშირდა ბაჩო ახალაია და შეუთანხმდა, რომ შესაძლო გაქცევის აღკვეთაში გორგაძეს მისი ძმა შოთა გორგაძე დაეხმარებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ახალაიას „დავალებით“ გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის 18 წლის ძმას შოთა გორგაძეს, რომელიც პატიმარი ძმის თხოვნით თავის ორ მეგობართან ერთად წალკიდან თბილისში ჩამოვიდა.

სამივე ახალგაზრდა „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე „საეჭვო გარემოებებში“ ლიკვიდირებული იქნენ  2006 წლის 12 იანვარს შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც  პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავის საპატიმროზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით. ამ სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება, აცხადებს მთავარი პროკურატურა.

გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის შედეგები მოკლულის პატიმარ ძმას ტელეფონით აცნობეს, გია გორგაძე და კიდევ ხუთი პატიმარი ციხის ეზოში სცემეს ბაჩო ახალაიამ და თბილისის მე-7 საპყრობილის მაშინდელმა დირექტორმა მეგის ქარდავამ, რომელიც ამჟამად სხვა საქმეებთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ იძებნება და áƒ áƒáƒ›áƒ”ლსაც ასევე áƒ¬áƒáƒ áƒ”დგინა 13 იანვარს ახალაიასთან ერთად ბრალი.  ამის შემდეგ, გამოძიების ინფორმაციით, ახალაიას ბრძანებით ექვსივე პატიმარი გააშიშვლეს, გაიყვანეს ციხის ტერიტორიის გარეთ, დააწვინეს თოვლში და ტალახში, სადაც მათ ცემას სპეცრაზმელები განაგრძობდნენ; ამ პატიმრების ცემა და წამება  მეგის ქარდავას დაწესებულებაში მათი გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა, რათა მათგან მიეღოთ აღიარება ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ, აცხადებს პროკურატურა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გიორგი ონიანმა პროკურატურის ახალ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული და „შეთხზული ზღაპრები“ უწოდა.

ახალაიას ამ უკანასკნელი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რაც მოიცავს წამებას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში  ის გაამართლეს, ერთში კი დამნაშავედ ცნეს; ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

Civil.Ge © 2001-2021