ღარიბაშვილი MAP-ის პერსპექტივაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jan.'14 / 13:07

საქართველოს სურს ნატოს 2014 წლის სამიტზე ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება, თუმცა თუ ქვეყანა მას ვერ მიიღებს, ეს „საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 იანვარს.

„თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით. ეს არ არის პრინციპული. მაგრამ თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით გვინდა თუ არ გვინდა? რა თქმა უნდა, გვინდა. მაგრამ თუ არ იქნება, ეს საფრთხეს არ შეუქმნის და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა თხოვა კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 3 დღის წინ ესტონეთში ვიზიტისას გაკეთებულ  áƒ’ანცხადებაზე

უსუფაშვილმა 13 იანვარს ტალინში განაცხადა რომ თუ საქართველომ MAP-ი ვერ მიიღო ამან შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გააჩინოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრში áƒ¡áƒ˜áƒ¬áƒ§áƒ•áƒ˜áƒ— გამოსვლისა უსუფაშვილმა განაცხადა რომ სექტემბრის დასაწყისში უელსში ნატოს სამიტზე MAP-ის მინიჭებაზე უარის თქმა „შეარყევს“ პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში, „იმპულსს“ მისცემს საქართველოში ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს და შესაძლოა, გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოკვეთოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის რთული იქნება წარმატებად გაასაღოს ნატო-ს მხრიდან MAP-ის გარდა სხვა გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას წინა ხელისუფლება შეეცადა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგად, როცა ნატოელმა მოკავშირეებმა საქართველოს უარი უთხრეს MAP-ზე, თუმცა დაპირდნენ, რომ ქვეყანა ოდესმე მომავალში საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაწევრიანდება ალიანსში.

„მე არ მომისმენია კონკრეტულად დათო უსუფაშვილის განცხადება. მე ვისურვებდი, რომ მე თვითონ მომესმინა რა კონტექსტში თქვა ეს“, - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს და მას შემდეგ, რაც მისგან უსუფაშვილის განცხადების შინაარსი კიდევ ერთხელ მოისმინა, განაცხადა:  „მე არ ვიზიარებ მაგ შეფასებას, თუმცა მე ვიმეორებ, რომ მე უნდა ვნახო [განცხადება] და ძალიან მარტივია, დაველაპარაკები დათო უსუფაშვილს“.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის უცვლელი. ჩვენი კურსი არის ამ მიმართულებით უცვლელი  - ევროინტეგრაციის და ნატოს მიმართულებით“, - განაგრძო პრემიერმა, „რაც შეეხება MAP-ის მიღება-არ მიღების საკითხს, იცით ალბათ, რომ რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად რაღაც გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველანაირად დავრჩით გაღიმებულები და იმედგაცრუებულები“.

„ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ და საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს“, - განაცხადა მან, „ასე რომ, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საგარეო მიმართულება, ვექტორი არ იცვლება და არ გადაიხედება“.

2013 წლის აპრილში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა MAP-ის მიღება 2014 წელს ალიანსის მომდევნო სამიტზე. თუმცა მას შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები სიფრთხილეს იჩენდნენ ამ საკითხის კომენტირებისას, აცხადებდნენ რა, რომ მათ 2014 წლის ნატოს სამიტის შესახებ გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა არ სურდათ.

Civil.Ge © 2001-2024