ღარიბაშვილის თქმით, რუსეთს არ გააჩნია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეფერხების ბერკეტები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jan.'14 / 17:31

მიუხედავად იმისა, რომ „პროვოკაციები მოსალოდნელია“, რუსეთს არ გააჩნია ბერკეტები, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გადააფიქრებინოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენ არ ვიზიარებთ იმ შეფასებას, რომ შესაძლოა განმეორდეს უკრაინის სცენარი საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ისევე დამოკიდებული რუსეთზე, როგორც არის უკრაინა. რუსეთს არ აქვს ისეთი ბერკეტები, როგორც მას ჰქონდა და აქვს უკრაინაში; შესაბამისად, რისკი ამ მიმართულებით მინიმალურია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მოსალოდნელია პროვოკაციები. ამ პროვოკაციებს ჩვენ ვხედავდით მთელი წლის განმავლობაში, იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში, იცით, რომ ‘ბორდერიზაციის’ პროცესი მიმდინარეობდა“, – განაცხადა მან.

„ამას გარდა სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს და რაღაც განსაკუთრებულს ჩვენ არ ველოდებით. რა უნდა იყოს მეტი, რაც უკვე გვაქვს – ჩვენ გვაქვს 20% ოკუპირებული ტერიტორიები. ასე რომ, ამაზე მეტს არ ვიცი რას უნდა ველოდოთ. მე გეუბნებით, რომ ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს არ გააჩნია და ისეთივე დამოკიდებული ჩვენი ქვეყანა არ არის, როგორიც არის უკრაინა. ასე რომ, ჩვენი გუნდი, ჩვენი მთავრობა არ ელოდება არათუ უკრაინის სცენარის, არამედ არც მიახლოებული სცენარის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ესტონეთში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 13 იანვარს, რომ უკრაინის შემდეგ შესაძლოა საქართველო გახდეს რუსეთის ზეწოლის შემდგომი სამიზნე და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, რაც სექტემბრამდე იგეგმება, áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს წინ „გადამწყვეტი“ თვეები ელოდება.

„არ მიგვაჩნია, რომ რუსეთმა საქართველო და ევროკავშირი მიატოვა“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არასწორია იმის ფიქრი, რომ რუსეთს ჰგონია, რომ უკრაინით საქმე უკვე მოამთავრა.

„ჩვენ არ გვაქვს ამგვარი შეგრძნება; ვფიქრობთ, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი იყოს რიგში, რომელსაც შესაძლოა ასევე შეექმნას პრობლემები დღეიდან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

Civil.Ge © 2001-2024