მარგველაშვილი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jan.'14 / 16:05

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ მას და კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთ წევრს შორის უთანხმოება არსებობს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც კიდევ ერთხელ გადავადდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღება.

ამჟამად, გამოძიების ეტაპზე ბრალდების მიერ მოწმეთა სავალდებულო დაკითხვის წესი მოქმედებს; ახალი წესი კი ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეთა თანდასწრებით.

პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის ორი წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე  გადავადების თაობაზე იმ ფონზე, როცა ამ გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„მე მქონდა განსხვავებული შეხედულება. მე განვიხილავდი კიდევაც უფრო აქტიურ ჩარევას ამ პროცესში“, – განაცხადა მარგველაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში 29 იანვარს.

მან არ დააკონკრეტა და არც ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა „აქტიური ჩარევა“, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ პრეზიდენტი ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხსაც განიხილავდა, რამაც მას და მთავრობას შორის უთანხმოება გამოიწვია.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თავად გადავადება პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მაღალი სტანდარტების დანერგვას შესაბამისი ტექნიკური მზაობა სჭირდება; თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ უნდა არსებობდეს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ემზადება ხელისუფლება ახალ სისტემაზე გადასასვლელად.

„გადავადება გონივრული ვადით მისაღებია, ოღონდ გადავადების კონტექსტში ჩვენ უნდა გვქონდეს ნათელი ხედვა, რა ხორციელდება ამ პერიოდის განმავლობაში. შემდეგ იყო პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა, რომ ასეთი ხედვა მალე იქნება წარმოდგენილი და ჩვენ ინტერესით ველით, რომ დავინახოთ, რა იქნება ეს ხედვა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი 23 იანვარს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც იქნა განხილული.

პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლის უფლებამოსილებებიც ახალი კონსტიტუციით მნიშვნელოვნად შემცირდა პრემიერ–მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე თებერვლის დასაწყისში წარდგება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი áƒ¯áƒ”რ-ჯერობით უცნობია.

Civil.Ge © 2001-2024