ღარიბაშვილი: ‘უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა’
Civil Georgia, Tbilisi / 19 Feb.'14 / 15:11

19 თებერვალს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ძალადობა კიევში და განაცხადა, რომ „პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება“ უკრაინის ხელისუფლებას,  რადგან ის ვალდებულია არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კიევში არსებული სიტუაცია „საგანგაშოა“.

„მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას ვიქტორ იანუკოვიჩს, ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.  

თავის წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა: „ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი ტრაგედიაცაა, მით უფრო, რომ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა“.

„კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას,  რადგან იგი ვალდებულია არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ვუერთდები დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას, რომ შეჩერდეს ძალადობა და მხარეებმა დიალოგის მეშვეობით გამონახონ არსებული მწვავე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზები. იმედს არ ვკარგავ, რომ ამ უმძიმეს წუთებში უკრაინაში  ხელისუფლებაც და ხალხიც გამოიჩენს სიბრძნეს  და  არ დაუშვებს მოვლენების კიდევ უფრო ტრაგიკულ განვითარებას“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

წინა შემთხვევების მსგავსად, როდესაც უკრაინაში ვითარების ესკალაცია ხდებოდა, 19 თებერვალსაც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკრაინული დროშები იყო გამოფენილი. იმავდროულად, თბილისში მოქალაქეთა ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ღამით აქცია გამართა კიევის მომიტინგეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად.

Civil.Ge © 2001-2024