დეპუტატმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 19 Feb.'14 / 17:32

დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა 19 თებერვალს, რომ მან დატოვა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა.

შედეგად, ქართულ ოცნებას ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში.

გაჩეჩილაძე, რომელიც ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, მწვანეთა პარტიის ლიდერია; მართალია ის დეპუტატი ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მაგრამ მისი  მწვანეთა პარტია ქართული ოცნების ექვსპარტიული კოალიციის წევრი არ არის.

მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც გაჩეჩილაძემ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვების გეგმების შესახებ პირველი მინიშნება ექვსი თვის წინ გააკეთა, როდესაც მან უკმაყოფილება გამოხატა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული პარტიების დაფინანსების სქემის მიმართ, რომლითაც მწვანეთა პარტია სარგებელს ვერ იღებდა.   

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ კოალიციაში არსებულმა პოზიციამ მწვანეთა პარტიის მიმართ უბიძგა მას ამ ნაბიჯისკენ. „„ჩვენ ფაქტიურად არავითარი ფუნქცია არ გაგვაჩნია უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთ–ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში“, – განაცხადა მან 19 თებერვალს.     

ის უკვე მეორე დეპუტატია, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა კობა დავითაშვილის შემდეგ, რომელმაც კოალიცია შარშან დატოვა, რათა 2013 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად ეყარა კენჭი; არჩევნების შემდეგ დავითაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა ოფიციალურად ის კვლავ პარლამენტის წევრად რჩება.

Civil.Ge © 2001-2024