მარგველაშვილი უკრაინაში განვითარებულ ძალადობაზე: ‘საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია’
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'14 / 12:17

კიევში ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ „საკუთარი ხალხის მიმართ იარაღის გამოყენება არც ერთ ხელისუფლებას არ შეშვენის და არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია“.

„ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ თუ იქნება ძალიან მკვეთრი პოლიტიკური, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური და არა ძალადობრივი თამამი ნაბიჯები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხრიდან, თუ ის გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, კიდევ არის შანსი, რომ უკრაინაში მოხდეს დიალოგის განახლება და ვითარება შეიარაღებული დაპირისპირებიდან გადავიდეს პოლიტიკურ კონტექსტში“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს საღამოს; მისი თქმით, ის „შოკირებულია“ უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

„მე იმედს გამოვთქვამ, რომ მსოფლიო ლიდერების მოწოდების კვალდაკვალ, უკრაინის უმაღლესი ხელისუფალი გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს და თავის ქვეყანას ააშორებს ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეულ დაპირისპირებას“, – დასძინა მან.        

Civil.Ge © 2001-2024