კიევის შეტაკებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'14 / 13:05

საქართველოს მოქალაქე დათო ყიფიანი იმ ათობით ადამიანს შორისაა, რომლებიც კიევის ცენტრში მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლნენ.

33 წლის ყიფიანი კიევში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ევრომაიდანის აქტივისტი იყო, როგორც მისი ნათესავები აცხადებენ თბილისში.

ორგანიზაციამ „თავისუფალი ზონა“, რომლის აქტივისტებიც კიევის საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც იქ სამი თვის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები დაიწყო, განაცხადა, რომ დათო ყიფიანი გასულ ღამეს ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. იგივე ორგანიზაცია იტყობინებოდა 2013 წლის დეკემბერში, რომ ყიფიანს და „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთ აქტივისტს კიევში სამართალდამცავები დაესხნენ თავს áƒ“ა სცემეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 21 თებერვალს, რომ საქართველოს კონსულმა უკრაინაში ჯერ ვერ დაადგინა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. „მე იმედი მაქვს, რომ ... შევძლებთ მისი დაღუპვის დეტალების გაგებას“.   

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ოფიციალურად კვლავ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, დაწერა თავისი Facebook-ის გვერდზე, რომ დავით ყიფიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. „დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესე იგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესე იგი თავისუფლებისთვის!“- წერს სააკაშვილი. 

იმავდროულად, საქართველოს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქე, ზურაბ ხურცია, რომელიც კიევის ცენტრში 18 თებერვალს დაიღუპა, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები განახლდა, გასულ ღამეს საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც ოფიციალური პირები და მისი ნათესავენი აცხადებენ, მისი გარდაცვალება გულის პრობლემებმა გამოიწვია. 

Civil.Ge © 2001-2024