პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა უკრაინაზე საუბრით დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'14 / 14:25

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 21 თებერვალს პარლამენტში თავისი პირველი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა „ჩვენს მოძმე“ უკრაინაში არსებული „ურთულესი ვითარების“ შესახებ საუბრით დაიწყო და სთხოვა დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ კიევში მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა ხსოვნისთვის.

პარლამენტში გამოსვლისას, რომლის სხდომათა დარბაზშიც უკრაინის დროშებია გამოფენილი, მარგველაშვილმა განაცხადა: „უკრაინაში ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ და გადავიდა იმ ზღვარს, რომლის გადასვლას დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფალისთვის“.

„ეს პროტესტი დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ [უკრაინის] ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებას გაეღრმავებინა პოლიტიკური დიალოგი, მოხდა ძალადობის გამოყენება“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

„უკრაინის ხელისუფლებას უნდა ეხმარა ყველა ღონე იმისათვის, რომ საზოგადოება გაეერთიანებიდა და არ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს „ჯერ კიდევ აქვს ძალიან გადამწყვეტი პოლიტიკური და ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური და არა ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაიცვას მთავარი, რაც უნდა დაიცვას უმაღლესმა ხელისუფალმა – ერთდროულად, თითოეული ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე და ამავე დროს, ქვეყნის მთლიანობა და ერთიანობა“.

„მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, რომ ევროპის ლიდერების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კონსენსუსი“, – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024