პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ასეულის გაგზავნას
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'14 / 16:51

პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში.

პარლამენტმა 106 ხმით 1–ის წინააღმდეგ დააკმაყოფილა პრეზიდენტის თხოვნა მისიაში ქართული ასეულის გაგზავნის თაობაზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ მისიის განხორციელება მაისში დაიწყება და ექვსი თვე გასტანს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 თებერვალს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია განახორციელონ, რათა დაახლოებით 6 თვემდე ვადით დროებითი მხარდაჭერა აღმოუჩინონ და დედაქალაქ ბანგის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ იმისათვის, რომ შეიქმნას ყველა პირობა ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. მისიის მეთაურია ფრანგი გენერალ–მაიორი ფილიპ ფონტისი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში ერთვება. 2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში თბილისის  áƒ›áƒáƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ”ობის შესახებ.

ამჟამად, საქართველოს 1 560 სამხედრო ჰყავს ავღანეთში და ის მეხუთე უმსხვილესი კონტრიბუტორია ISAF–ის მისიაში აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და იტალიის შემდეგ.

Civil.Ge © 2001-2024